პროპორციული სისტემა

"ოცნების" დეპუტატი ჟურნალისტს: სპორტთან თამაში ცეცხლთან თამაშია, ღმერთი არ გაუწყრეს არავის

"აქ არიან ღირსეული ადამიანები, ვისთვისაც ღირსება ყველა კანონზე მაღლა დგას და ღმერთი არ გაუწყრეს არავის, არ ვიმუქრები, ვპირდები ყველას" - ამის შესახებ ქართული ოცნების ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ აჭარის ტელევიზიას უთხრა. დეპუტატთან ინტერვიუ აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმის მერიასთან ჩაწერა. ოპოზიციონერმა აქტივისტებმა ბათუმის მერია მოატყუეს, რომ შენობას ბოქლომს დაადებდნენ, ამის გამო, შენობასთან დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული. მერიასთან იმყოფებოდა ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე და 10-ზე მეტი სპორტსმენი. 

"ხმაური გიკვირთ დღეს, 21-ე საუკუნის საქართველოში? მაინტერესებს, გიკვირთ ხმაურის? აჭარის ტელევიზიამ წეღან განცხადება გააკეთეთ, რომ 10 სპორტსმენზე მეტი არ იყო მერიის შენობასთანო და რა ხდება? ათზე მეტს ვერავის ვერ ხედავთ?" - მიმართა ვახტანგაძემ ტელევიზიას.

კითხვაზე, რა შეხვედრა ჰქონდა სპორტსმენებთან, დეპუტატი ამბობს, რომ მისი ბიურია მერიაში და "ჩემი მეგობრები, სპორტული საზოგადოებაა ჩემთან მოსული".

"ერთი რამე მინდა გათხრათ რა, არავის არ მივცემთ იმის საშუალებას და იმის უფლებას, რომ ქალაქში არეულობა შემოიტანოს და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ მაგის გულისთვის. ამიტომ იყო ეს შეკრება და თქვენ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, რომ ეს ბოქლომები თუ რა ჰქვია, არ ვიცი მაგას, ბოქლომების დადება უნდოდათ მაჟორიტარების ბიუროზე" - თქვა ვახტანგაძემ.

კითხვაზე, ამიტომ გახდა საჭირო სპორტსმენების მობილიზება?, ქართული ოცნების დეპუტატი პასუხობს - "ჩემი მეგობრები არიან, რა ვქნა, დიდი სამეგობრო წრე თუ მყავს, დანაშაულია? სამეგობრო წრეს შევხვდები ყველგან, სადაც მინდა".

ქართული ოცნების მაჟორიტარის აზრით, აჭარის ტელევიზია "სულ ინტრიგებს ეძებს", და "არაერთხელ ცილი დაგიწამებიათ ძალიან ღირსეულ ადამიანებზე".

"მე გეტყვით ერთ რამეს რა, აქ ყველა ღირსეული ადამიანია, სპორტსმენები შეკრებილები, რომლებსაც არაერთხელ უსახელებიათ ჩვენი ქვეყანა...

მე მინდა ყველას, არ გაფრთხილებთ რა, მინდა, რომ იცოდეთ ყველამ რა, სპორტთან თამაში ცეცხლთან თამაშია, ამ ადამიანების ღირსებას ნუ ეხებით, ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანი, ნუ ეხებით სპორტსმენების ღირსებას და თავმოყვარეობას, სავალალო შედეგს მიიღებთ, სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია არ ნიშნავს, რაც მოგადგებათ პირზე ის ილაპარაკოთ რა, აქ არიან ღირსეული ადამიანები, ვისთვისაც ღირსება ყველა კანონზე მაღლა დგას და ღმერთი არ გაუწყრეს არავის, არ ვიმუქრები, ვპირდები ყველას"- მიმართა დეპუტატმა აჭარის ტელევიზიას.

მუხრან ვახტანგაძე ერთერთია ქართული ოცნების იმ დეპუტატებს შორის, ვინც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის ამ გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო ქვეყანაში საპროტესტო აქციები.

კომენტარები