სირია

აპრილის შემდეგ იდლიბში ასადის და რუსეთის დაბომბვებს 1,300-მდე ადამიანი შეეწირა

Getty

მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიხედვით იდლიბის პროვინციაში და მიმდებარე ტერიტორიაზე დაბომბვას 304 ბავშვი და 11 მაშველი ემსხვერპლა.

ანგარიშის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ბაშარ ალ-ასადის ძალების და მათი მოკავშირე რუსი სამხედროების თავდასხმას იდლიბში 21 მშვიდობიანი მაქალაქის, მათ შორის 10 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მხოლოდ გასულ კვირას თავდასხმების გამო 42,000 ადამიანი ლტოლვილად იქცა. იდლიბში ბავშვთა დაცვის ქსელის მენეჯერის თქმით მათ ნაწილს თავშესაფარი ამ დრომდე არ აქვს.

ასადის რეჟიმმა და რუსეთმა საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე მიმდინარე წლის 26 აპრილს დაიწყეს. მას შემდეგ 11,500-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის გამოიყენეს იარაღი, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს. თავდასხმების სამიზნეს სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოებიც წარმოადგენდა.

რუსეთმა და თურქეთმა გასული წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

კომენტარები