თალიბანი

თალიბანი პატიმრების გაცვლის ფარგლებში 2016 წელს დაკავებული 2 პროფესორს გაათავისუფლებს

shutterstock

თალიბანმა პატიმრების გაცვლის ფარგლებში 2016 წელს დაკავებული ამერიკელი და ავსტრალიელი პროფესორები გაათავისუფლა.

ავღანეთის მთავრობამ კი თალიბანის სამი დაკავებული ლიდერი კატარში გაგზავნა.

პატიმრების გაცვლა ერთი კვირის წინ დაანონსდა, თუმცა რამდენიმე დღით გადაიდო. ავღანეთის მთავრობამ ამაში თალიბანი დაადანაშაულა, თალიბანმა კი აშშ.

თალიბანის მებრძოლები მალი ხანი, ჰაფიზ რაშიდი და ანას ჰაქანი, რომელიც ჰაქანის ქსელის დამფუძნებლის და თალიბანის ერთ-ერთი ლიდერის ძმაა, ავღანეთში არაერთი თავდასხმის ორგანიზატორები არიან.

ამერიკელი პროფესორი კევინ კინგი და ავსტრალიელი ტიმოთი ვიკსი თალიბანმა ქაბულში 2016 წლის აგვისტოში გაიტაცა. კინგი ავღანეთის ამერიკულ უნივერსიტეტში ასწავლიდა.

2017 წლის ოქტომბერში თალიბანმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მან გულის შეტევა გადაიტანა და თირკმლის პრობლემების გამო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.

მათი გათავისუფლების და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თალიბანთან მოლაპარაკებები მკვდარია.

მანამდე მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას 18-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად. ტრამპმა ისიც თქვა, რომ ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის და თალიბანის ლიდერების მიწვევას აპირებდა კემპ დევიდში 8 სექტემბერს შეთანხმების ხელმოსაწერად.

თუმცა, 6 სექტემბერს ქაბულში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელზე პასუხისმგებლობაც თალიბანმა აიღო და რომელსაც 12 ჯარისკაცი, მათ შორის ერთი ამერიკელი ემსხვერპლა, ტრამპმა მოლაპარაკებები დასრულებულად გამოაცხადა და თქვა, რომ ჯგუფს მოლაპარაკებების საწარმოებელი ძალა არ აქვს, თუ ამ პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვასაც ვერ ახერხებენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თალიბანის უკანასკნელი თავდასხმები დაგმო და თქვა, რომ დაჯგუფებამ მშვიდობისადმი მათი გულწრფელი მზაობა უნდა აჩვენოს.

აშშ-ის მხრიდან თალიბანთან მოლაპარაკებებს ზალმაი ხალილზადი, ავღანეთში დაბადებული ამერიკელი დიპლომატი აწარმოებდა. მან თქვა, რომ ორივე მხარეს შედგენილი ჰქონდა ჩარჩო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთის 5 სამხედრო ბაზას ხელმოწერიდან 135 დღის მანძილზე დატოვებდნენ. შეთანხმების ფარგლებში თალიბანი უარყოფდა ალ-ქაიდას და დათანხმდებოდა ცეცხლის შეწყვეტას.

ამის შემდეგ, 28 სექტემბერს ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. შედეგები ჯერ-ჯერობით უცნობია.

აშშ-ის მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის შეხვედრის ორგანიზებას ახლა ჩინეთი გეგმავს.

კომენტარები