საპროტესტო აქცია პარლამენტთან

შსს: რუსთაველის ტერიტორიაზე, ჩვენი მონაცემებით, იმყოფებოდა დაახლოებით 5 500-მდე მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროში პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე კომენტარი გააკეთეს. მათი თქმით აქციაზე 5 500-მდე მოქალაქე შეიკრიბა:

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო 17 ნოემბერს რუსთაველზე აქციის ჩატარება. მოგახსენებთ, რომ რუსთაველის ტერიტორიაზე, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, იმყოფებოდა დაახლოებით 5 500-მდე მოქალაქე. ასევე აქცია მიმდინარეობდა რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდა 1 500-მდე მოქალაქე და აჭარაში, კერძოდ ბათუმში აქციაზე იმყოფებოდა 50-მდე მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამნისტრო განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების დაცვას. ამ ეტაპისთვის არავის დაკავება არ მომხდარა." თქვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ.

ბრიტანული საერთაშორისო გამოცემა Reuters კი წერს, რომ თბილისში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. გამოცემის მიხედვით საპროტესტო აქციაზე 20,000-მდე ადამიანი შეიკრიბა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქცია დღეს 15:00 საათზე დაიწყო. პროტესტი მას შემდეგ განახლდა, რაც პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე უარი თქვა. 

აქციის მოთხოვნა ე.წ. "გერმანული მოდელით" ვადამდელი არჩევნებია.

საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა სახალხო პროტესტის ფონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ დადებული პირობა.

პარალელურად პარტია პატრიოტთა ალიანსი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით აქცია რესპუბლიკის მოედანზე გამართა.

პარლამენტის წინ აქცია კვლავ გრძელდება. მომიტინგეები პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ. პარტია ევროპულმა საქართველომ პარლამენტის ყველა კარი ბოქლომით დაკეტა და გასაღები ხალხს გადასცა. მათ შესასვლელთან კარვებიც გაშალეს და მათ გასამაგრებლად ტერიტორიაზე ქვიშის ტომრები შეიტანეს, რასაც პოლიციასთან მცირე დაპირისპირება მოჰყვა, რადგან თავდაპირველად მათ ტომრების შეტანის უფლებას არ აძლევდნენ.

კომენტარები