ქართული ოცნება

"გადმოწიეს ჰა-ჰა, 500 მეტრი" - ვინ ჩაანაცვლებს სოფო ქაცარავას ქართული ოცნების სიის მიხედვით

დეპუტატი სოფო ქაცარავა, რომელიც პარლამენტში ქართული ოცნების სიით არის შესული, მანდატს ტოვებს. მან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, ხოლო დღეს, 16 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტიდანაც მიდის.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება პარლამენტში ახალ დეპუტატს შეიყვანს და საპარლამენტო უმრავლესობა დანაკლისს ერთი წევრით შეივსებს. პროპორციული სიის მიხედვით, სოფო ქაცარავას ბენედიქტე (ბენო ქაშაკაშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც ქართული ოცნების 2016 წლის საარჩევნო სიის 53-ე ნომერია.

ბენედიქტე ქაშაკაშვილმა 2019 წლის ივლისში ქართულ ოცნებას 60 000 ლარი შესწირა, 2016 წლის სექტემბერში კი - 50 000 ლარი.

ბენედიქტე ქაშაკაშვილი შპს მეგაკომპლექსის და შპს აიღვინისსახლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. მასვე ეკუთვნის შპს დელტაკონტაქტის 16%-იანი წილი.

2019 წლის მარტში ბენედიქტე ქაშაკაშვილმა TV კავკასიის ეთერში მცოცავ ოკუპაციაზე საუბრისას თქვა, რომ "იმდენივე რანაირად წაგვართვეს, [ოკუპანტებმა] გადმოწიეს ჰა-ჰა 500 მეტრი". ქაშაკაშვილმა ეს რეპლიკა თამარ ჩარკვიანის განცხადების - "ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში "იმდენივე ტერიტორია წაგვართვეს წყნარად მშვიდად“, რაც ომის პერიოდში" საპასუხოდ თქვა. ამის გამო, სამოქალაქო აქტივისტებმა მის კუთვნილ სასტუმროსთან მავთულხლართები გააბეს. ქაშაკაშვილმა მათ და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს ბოდიში მოუხადა, თუმცა თქვა, რომ მან მხოლოდ შეადარა საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხი. 

იმ შემთხვევაში, თუ ბენედიქტე ქაშაკაშვილი დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის, ქართული ოცნების სიაში მას მოსდევს ირაკლი გოგოხია, სიის 55-ე ნომერი კი, ჯუმბერ იზორიაა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა 12-მა დეპუტატმა. შედეგად, ქართულ ოცნებას პარლამენტში 92 მანდატი დარჩა, თუმცა, სოფო ქაცარავას წასვლის შემდეგ, მმართველი გუნდის დეპუტატების რაოდენობა 93 გახდება.

კომენტარები