ქართული ოცნება

"საქმეების გადასაბარებლად" - უმრავლესობიდან წასული დეპუტატები "ოცნების" ოფისში მივიდნენ

მთავარი არხი

დეპუტატები, რომლებმაც 14 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს, დღეს. 15 ნოემბერს ქართული ოცნების ოფისში იმყოფებოდნენ. 

ინფორმაცია და კადრები, როგორ შედიან დეპუტატები ბიძინა ივანიშვილის სახლში, თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა. 

პარტიის ოფისში ბიძინა ივანიშვილი მთელი დღის განმავლობაში იმყოფება. 

ქართული ოცნების ოფისში შეხვედრაზე დასწრების შესახებ ინფორმაცია ტაბულას უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმაც დაუდასტურა. ცქიტიშვილმა გვითხრა, რომ მმართველი პარტიის ოფისში "საქმეების გადასაბარებლად იმყოფებოდა". 

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემა თქვა, წასულ დეპუტატებთან ინდივიდუალური კონსულტაციები ჰქონდათ. 

"უმრავლესობის სხდომაზე შევიკრიბებით ის დეპუტატები, ვინც რჩებიან უმრავლესობის რიგებში. რაც შეეძლება ჩვენს თანაგუნდელებს, რომლებმაც სამწუხაროდ დატოვეს, ჩვენ გვქონდა მათთან ინდივიდუალური კონსულტაციები. მომავალში ყველა მნიშვნელოვან რეფორმასა და პოზიტიურ ინიციატივებში ჩვენ გვაქვს მათი მხარდაჭერის იმედი და დარწუნებული ვარ, ეს ასეც იქნება", - თქვა თალაკვაძემ. 

მანამდე ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ქართული ოცნება ეცდებოდა, უმრავლესობიდან წასული დეპუტატები უკან დაბრუნებაში დაერწმუნებინა. 

________________________________________________________________________-

მას შემდეგ რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების კანონპროექტი ჩააგდო, უმრავლესობა 7-მა დეპუტატმა დატოვა: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, ირინე ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა. მოგვიანებით უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება მარიამ ჯაშმაც გაავრცელა. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტიას მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძეც ტოვებს.

დღეს, 15 ნომებერს კი ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობა კონსერვატორების წევრებმა, ზვიად ძიძგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ დატოვეს.

გუშინ, 14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. 

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების ერთერთი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

კომენტარები