ქართული ოცნება

კაკულია: ჯობია ატარო ეს რეპუტაციული ტვირთი, ვიდრე არ იფიქრო იმაზე, თუ ვის უტოვებ ქვეყანას

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი, რომან კაკულია, უმრავლესობის დატოვებას არ გეგმავს და ამბობს, რომ მან გადაწყვიტა და მზადაა, რომ "ატაროს ეს რეპუტაციული ტვირთი".

"დღეს ჩემი გადაწყვეტილება ეფუძნება ფიქრს იმაზე, რომ მოცემულობა გაცილებით უკეთესი უნდა იყოს გარეთ, იმისათვის, რომ ადამიანმა მხოლოდ საკუთარი თავმოყვარეობა გახადო გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად.

მე მესმის, რომ ძალიან დიდი რეპუტაციული ტვირთია, როდესაც შენ ამით რჩები, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჯობია ატარო ეს რეპუტაციული ტვირთი, ვიდრე არ იფიქრო იმაზე, თუ ვის უტოვებ ქვეყანას საბოლოო ჯამში", - ამბობს რომან კაკულია.

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ მმართველი პარტია, უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების 40-მა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, გუნდიდან წასვლის შესახებ განცხადება 7-მა დეპუტატმა გააკეთა

  • თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, ირინე ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მოგვიანებით უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება მარიამ ჯაშმაც გაავრცელა.

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტიას მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძეც ტოვებს.

ანუ 14 ნოემბერს უმრავლესობა 9 დეპუტატმა დატოვა. 

დღეს, 15 ნოემბერს უმრავლესობა დატოვა ფრაქცია კონსერვატორების 3-მა წევრმა: ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობდა 115 დეპუტატით. თუმცა, მას შემდეგ რაც 2019 წლის თებერვალში ქართული ოცნება ჯერ დავით ჭიჭინაძემ, შემდეგ კი ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. 

უმრავლესობის წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება 20-21 ივნისის, გავრილოვის ღამის შემდეგ შეუწყდა. ვანო ზარდიაშვილს კი რამდენიმე დღის წინ. პარლამენტი მან საკუთარი ნებით დატოვა.

კომენტარები