ქართული ოცნება

პროპორციულის ჩაგდების შემდეგ უმრავლესობა 12-მა წევრმა დატოვა და ახლა "ოცნებაში" 92 დეპუტატია

პარლამენტი

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ მმართველი პარტია უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა და ახლა ქართულ ოცნებას პარლამენტში 92 დეპუტატი წარმოადგენს. 

სანამ დეპუტატები წასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებდნენ, ქართული ოცნების უმრავლესობა პარლამენტში 104 დეპუტატით იყო წარმოდგენილი. 

იმისთვის, რომ პარტიას პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ჰქონდეს, 76 დეპუტატია საჭირო. 

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების 40-მა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, გუნდიდან წასვლის შესახებ განცხადება 7-მა დეპუტატმა გააკეთა

თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, ირინე ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მოგვიანებით უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება მარიამ ჯაშმაც გაავრცელა.

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტიას მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძეც ტოვებს.

ანუ 14 ნოემბერს უმრავლესობა 9 დეპუტატმა დატოვა. 

დღეს, 15 ნოემბერს უმრავლესობა დატოვა ფრაქცია კონსერვატორების 3-მა წევრმა: ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობდა 115 დეპუტატით. თუმცა, მას შემდეგ რაც 2019 წლის თებერვალში ქართული ოცნება ჯერ დავით ჭიჭინაძემ, შემდეგ კი ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. 

უმრავლესობის წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება 20-21 ივნისის, გავრილოვის ღამის შემდეგ შეუწყდა. ვანო ზარდიაშვილს კი რამდენიმე დღის წინ. პარლამენტი მან საკუთარი ნებით დატოვა. 

კომენტარები