წილოსანი: ხალხი შიშობს, რომ მათი ხმა სათანადოდ არ იქნება წარმოჩენილი ცენტრალურ ხელისუფლებაში

2017 წელს გავაკეთე ჩემი არჩევანი პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ, როცა ჩვენი გუნდის ინიციატივით, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ 2024 წლიდან საქართველო გადადიოდა წმინდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს იყო ჩემი გუნდის გაბედული ნაბიჯი, მზაობა ჩაკეტილი წრის გარღვევისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში კოალიციისა და კონსენსუსის პრინციპის დაფუძნების.

ამის პარალელურად, ვიმედოვნებდით, რომ შვიდი წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობა სათანადოდ გაძლიერდებოდა, რაც საშუალებას მოგვცემდა, 2024 წელს გადავსულიყავით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ამისთვის არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის მერების არჩევა, დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა და მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივები. თუმცა დაგეგმილი რეფორმა, ამ ეტაპზე, არ არის დასრულებული და 2024 წლამდე უამრავი პრინციპის გატარება იქნება საჭირო. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შეცდომა იქნებოდა. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა კეთილი ნება (ამ კეთილ ნებას მეც შევუერთდი), რათა ეს საკითხი კენჭისყრაზე დაეყენებინა.

როგორც ყველა საკონსტიტუციო ცვლილების დროს, ამ შემთხვევშიც, გაიმართა საჯარო განხილვები, ასევე ჩვენს ამომრჩეველთან ღია შეხვედრები და, განსაკუთრებით რეგიონებში, გამოჩნდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი შიშობს, მათი ხმა დროულად და სათანადოდ არ იქნება წარმოჩენილი ცენტრალურ ხელისუფლებაში. ეს და სხვა არაერთი არგუმენტი გახდა მიზეზი იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, თავისუფალი კენჭისყრის პირობებში თითოეულ დეპუტატს ჩვენი არჩევანი დაგვეფიქსირებინა.

ქართული ოცნების მაჟორიტარი ნინო წილოსანი ხსნის, თუ რატომ არ მისცა ხმა საარჩევნო სისტემის ცვლილებას.

კომენტარები