პროპორციულ სისტემაზე გადასვლა

ხოშტარია პროპორციულზე: არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა

"ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა.  

"ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა. არ მაინტერესებს "ქართული ოცნების" მაფიოზურ ურთიერთობებში რა ხდება. დაჩი ბერაიას და ბიძინა ივანიშვილის შერკინების არ მჯერა",-თქვა ხოშტარიამ ტელეკომპანია პირველთან საუბარში.  

ხოშტარიას თქმით, არეულობა, რომელიც კენჭისყრას უძღოდა წინ, მის ჩასაშლელად იყო გამიზნული.  

"დრამას გვიდგამენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და დაჩი ბერაია არიან მკლავჭიდში. სასაცილოა, დაჩი ბერაიას პოლიტიკური ფიგურის განმარტება არის მორჩილება და მონობა. დაჩი ბერაიასთან დაკავშირებით გინება და უსაზღვრო მორჩილება მახსენდება. აუჯანყდნენ და ბიძინა საფუძველს კარგავს თუ ბიძინა იყენებს ამ ყველაფერს, პასუხისმგებლობა იმაზე, თუ საით მივდივართ - მივდივართ არეულობისა და არასტაბილური განვითარებისკენ თუ მივდივართ მეტ-ნაკლებად სტაბილური პოლიტიკური პროცესით, ივანიშვილს ეკისრება. პროპორციული იყო სოციალური კონტრაქტი საზოგადოებასთან",-თქვა ხოშტარიამ.  

"ქართული ოცნების" მაჟორიტართა ნაწილი არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება. რამდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ ისინი ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ, თუმცა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ მათი "გადარწმუნება ვერ შეძლო".

გუშინ, 13 ნოემბერს, "ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა გადადო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართულ ოცნებაში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა იყო საჭირო.

მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი სამი დღეა, განიხილავს.მოწინააღმდეგეებს შორის არის არის დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც თქვა, რომ კანონის "ჩასაგდებად ემზადებოდა". 

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა, მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

კომენტარები