პროპორციულ სისტემაზე გადასვლა

უმრავლესობის სხდომის პარალელურად "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია მიმდინარეობს

ტაბულა

"ქართული ოცნების" ოფისთან, უმრავლესობის სხდომის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს. ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები არიან. 

აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" დეპუტატებს მოუწოდებენ, შესრულდეს გაცემული პირობა და მხარი დაუჭირონ არჩევნების პროპორციულ სისტემას.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპირებენ, პარლამენტის წინ გადაინაცვლონ. მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატები კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ, ისინი მოახდენენ პარლამენტის ყველა გასასვლელის ბლოკირებას.

"ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ხელმძღვანელობს. სხდომაზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას განიხილავენ.

გუშინ, 13 ნოემბერს, "ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა გადადო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართულ ოცნებაში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობაა საჭირო.

მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი ორი დღეა, განიხილავს. დღეს პროექტის კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა, მმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს. მათ შორის არის დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც დღეს თქვა, რომ კანონის "ჩასაგდებად ემზადებოდა". 

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა, მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

კომენტარები