პროპორციული არჩევნები

მდინარაძე პროპორციულის მოწინააღმდეგეებზე: რამდენიმეს გარდა, არის რესურსი გადარწმუნების

parliament.ge

"რამდენიმე ადამიანის გარდა, მე ვფიქრობ, სხვებთან არის რესურსი გადარწმუნების. იმის რესურსიც არის, რომ ხვალ ჩვენ ეს გავიტანოთ კენჭისყრაზე, დავამთავროთ პოზიტიური შედეგით და ჩვენი გადაწყვეტილება დავტოვოთ ძალაში,"- უთხრა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრებს ხვდება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. შეხვედრიდან გამოსულა ორმა დეპუტატმა - ირაკლი შიოლაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ მედიას უთხრეს, რომ ივანიშვილმა ისინი ვერ გადაარწმუნა და პარტიის თავმჯდომარეს ვერც მათ შეაცვლევინეს აზრი. უმრავლესობის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მხარდაჭერის შემთხვევაში, ისინი პარლამენტის დატოვებას განიხილავენ. ივანიშვილთან შეხვედრებს მართავენ სხვებიც. ამ წუთებში მასთან, მედიის, ცნობით დეპუტატები დაჩი ბერაია და მიხეილ ყაველაშვილი იმყოფებიან. 

ხვალ, 14 ნოემბერს, დილით, ქართული ოცნების უმრავლესობის სხდომაა დაგეგმილი, რის შემდეგაც პარლამენტში კანონპროექტის კენჭისყრა გაიმართება.

"რა თქმა უნდა, ხვალ უმრავლესობის სხდომაზე გაგძელდება საუბარი. შემდეგ, როდესაც კენჭისყრაზე გამოვა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული ცვლილება კონსტიტუციასთან მიმართებით, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და გადავალთ პროპორციულ სისტემაზე. მე ამის იმედი, რა თქმა უნდა, მაქვს," - უთხრას მედიას მდინარაძემ.

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც.

ორი დღეა, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ღიად ეწინააღმდეგება საკუთარი დაპირების შესრულებას. ამის გამო, კენჭისყრა 14 ნოემბრამდე გადაიდო.

საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება ამავე მოწვევის პარლამენტმა შეძლოს, მას სამივე მოსმენით პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის, ანუ 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. 

ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ვერ შეძლებს 3/4-ის მიღებას პირველი და მეორე მოსმენის დროს, მაშინ ამ კანონპროექტს მომდევნო მოწვევის პარლამენტი ერთი (მესამე) მოსმენით მიიღებს (იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის 2/3 ანუ 100 დეპუტატი დაუჭერს მხარს). 

იმ დაშვებით, რომ ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჯამში 27 დეპუტატი, ასევე პატრიოტთა ალიანსის 5 და დამოუკიდებელი დეპუტატები კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, მის მისაღებად ქართული ოცნების, მინიმუმ, 73 დეპუტატის ხმა იქნება საჭირო. 

კომენტარები