დიდი ბრიტანეთი

კლინტონი: ბრიტანეთის მიერ რუსეთთან დაკავშირებული ანგარიშის არგამოქვეყნება სამარცხვინოა

ჰილარი კლინტონი

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის, თქმით "გაუგონარი და სამარცხვინოა" ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობას ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ანგარიში, რომელიც ქვეყნის პოლიტიკაში რუსეთის ჩარევას ეხება.

BBC-ის ცნობით, ანგარიშმა უსაფრთხოების ფორმალური შემოწმება გაიარა, მაგრამ ის 12 დეკემბერს დაგეგმილ არჩევნებამდე არ გამოქვეყნდება. 

"ყველა ადამიანი, რომელიც დიდ ბრიტანეთში აძლევს ხმას, არჩევნებამდე იმსახურებს ანგარიშის ნახვას,"- თქვა ჰილარი კლინტონმა BBC-ისთან საუბარში.

კლინტონის თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის საკითხი, რომ რუსეთი დასავლურ დემოკრატიებში ჩარევისკენაა მოწოდებული. 

"ეს ვიცით ჩვენს ქვეყანაში, ეს ვნახეთ ევროპაში, ეს ვნახეთ დიდ ბრიტანეთში,"- ამბობს კლინტონი. 

ანგარიში, რომელიც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის მიერაა მომზადებული, ქვეყნის დემოკრატიასთან მიმართებით რუსეთის ქმედებებს სწავლობს. ანგარიში ჯაშუშობის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და არჩევნებში ჩარევის ბრალდებებს ეხება. BBC-ის ინფორმაციით, ანგარიში დიდი ბრიტანეთში 2016 წელს ჩატარებულ რეფერენდუმსა და 2017 წლის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ფარულ მცდელობებზე სადაზვერვო სამსახურების (GCHQ, MI5, MI6) მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს მოიცავსს. 

ანგარიშზე მუშაობა საბოლოოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდა, თუმცა მის გამოქვეყნებაზე თანხმობა კვლავ არ არის გაცემული და ის, შესაძლოა, არჩევნების შემდეგ გამოიცეს, რასაც სადაზვერვო კომიტეტში მომუშავე დეპუტატები არ ეთანხმებიან, თუმცა დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამბობს, რომ გახანგრძლივებული ვადები უჩვეულო არ არის. 

კანცლერი საჯიდ ჯავიდი BBC-ისთან საუბარში ამბობს, რომ ანგარიშის გამოსაქვეყნებელი ვადები "იდეალურად ნორმალურია" გამომდინარე მისი სენსიტიური შინაარსიდან. 

კომენტარები