საქართველო-აშშ

აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს

აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს. პროექტის ფარგლებში, საელჩო 100 000 დოლარს გადასცემს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, რომელიც სამუშაოებს ჩაატარებს.

"ჯვრის მონასტერი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. დიდი სიხარულით ვაცხადებთ, რომ აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის ფარგლებში ამ გასაოცარი ძეგლის სიცოცხლის გახანგრძლივების ახალ ეტაპში ვერთვებით.

პროექტის საკონსერვაციო ციკლის პირველი ფაზის ფარგლებში ჩატარდება ყოვლისმომცველი კვლევა ფასადის დაზიანებისა და განადგურების დონის დადგენის, კლასიფიკაციისა და შემდგომი გეგმის შემუშავების მიზნით.

ძირითადი ტაძარი (ჩვ.წ. 586-605) ჯვრის მონასტრის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული მონუმენტია. ჯვრის მონასტერი მცხეთის ისტორიული მონუმენტების ნაწილია და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია" - აცხადებს საელჩო და აღნიშნავს, რომ აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა მსოფლიოს მასშტაბით 125-ზე მეტ ქვეყანაში, უკვე 1000-ზე მეტი პროექტი დააფინანსა.

"მისი წვლილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში დაახლოებით 74 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოში ფონდმა 19 პროექტი დააფინანსა, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 1.5 მილიონ დოლარია" - ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები