დიდი ბრიტანეთი

ბრექსითის პარტია კონსერვატიული პარტიის წინააღმდეგ კანდიდატებს არ დააყენებს

ნაიჯელ ფარაჟი
Reuters

ბრექსითის პარტია 317 ოლქში, სადაც 2017 წლის საყოველთაო არჩევნებში კონსერვატორებმა გაიმარჯვეს კანდიდატებს არ დააყენებს.

პარტიის ლიდერმა ნაიჯელ ფარაჟმა თქვა, რომ ეს ქვეყანაში ბრექსითზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების რისკებს გაზრდიდა. ამის თავიდან ასაცილებლად ფარაჟი სხვა პარტიების კანდიდატებისათვის პარლამენტში ადგილების წართმევას შეეცდება, განსაკუთრებით კი ლეიბორისტული პარტიისათვის.

პრემიერმინისტრი და კონსერვატიული პარტიის ლიდერი ბორის ჯონსონი მის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა:

"ეს იმის აღიარებაა, რომ ბრექსითის შესასრულებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს, და ეს გზა არის კონსერვატიული პარტიისათვის ხმის მიცემა."

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ფარაჟმა ჯონსონს მოუწოდა ბრექსითის მომხრე პარტიებთან ალიანსში შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კონსერვატიულ პარტიას 12 დეკემბრის არჩევნებში ამომრჩევლების წართმევით ემუქრება.

ფარაჟმა თქვა, რომ თუ ჯონსონი მის მოწოდებას 14 ნოემბრამდე არ დათანხმდება, მისი პარტია პარლამენტში ყველა ადგილისათვის იბრძოლებს. კონსერვატიულ პარტიაში მის მოწოდებაზე უარი თქვეს.

პოზიციის შეცვლა ფარაჟმა იმით ახსნა, რომ ჯონსონს ბოლო პერიოდში ბრექსითის მიდგომაზე პოზიციის ცვლილების ნიშნები შეატყო, მათ შორის ტრანზიციის პერიოდის გახანგრძლივებაზე უარის თქმა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა თქვა, რომ "ტრამპს საწადელი აუსრულდა", ვინაიდან ტრამპმა ფარაჟს და ჯონსონს თანამშრომლობისაკენ მოუწოდა. მანამდე კორბინმა კონკურენტ პარტიებთან წინასაარჩევნო შეთანხმება გამორიცხა

წინასაარჩევნო შეთანხმებას მიაღწიეს სხვა პარტიებმაც. დიდი ბრიტანეთის ლიბერალ დემოკრატიულმა პარტიამ, მწვანეთა პარტიამ და უელსის პარტიამ 12 დეკემბრის არჩევნებისათვის შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმების მიხედვით ისინი ზოგიერთ ოლქში საკუთარ კანდიდატს არ წამოაყენებენ და ერთმანეთის კანდიდატებს დაუჭრენ მხარს. უელსში შეთანხმება 40-დან 11 ადგილს ეხება, ჯამში კი 60-70 ადგილზე გავრცელდება.

სამივე პარტია ეწინააღმდეგება ევროკავშირიდან გასვლას და მხარს უჭერს ბრექსითის ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებას.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები 12 დეკემბერსაა ჩანიშნული.

ჯონსონმა არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პარლამენტმა მისი ბრექსითის შეთანხმების ნაჩქარევ ვადაში განხილვაზე უარი თქვა და ის იძულებული გახდა ევროკავშირისათვის ბრექსითის გადავადება იანვრის ბოლომდე ეთხოვა.

კომენტარები