პატრიარქი კირილი

მეუფე პეტრე: კირილმა ილია II-ს საქაღალდე დაუგდო და ხელი მოაწერინა არასასურველ დოკუმენტზე

ილია მეორე და კირილი
patriarchia.ru

გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას, მეუფე პეტრე ცაავა იხსენებს 2011 წლის ამბავს, როცა მისი თქმით, რუსეთის პატრიარქმა კირილმა ილია II-ს ხელი მოაწერინა არასასურველ დოკუმენტზე.

საუბარია სირიელი, კოსოვოელი და აფრიკელი მართლმადიდებელი დევნილების მხარდამჭერ მემორანდუმზე, რომელშიც საუბარი არ ყოფილა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე.

მეუფე პეტრეს მონაყოლის მიხედვით, 2011 წელს მოსკოვში მსოფლიოს მართლმადიდებელი პატრიარქები შეიკრიბნენ და იღებდნენ სირიიდან დევნილი მართლმადიდებლების მხარდამჭერ მემორანდუმს.

"რაც, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ მთელი მართლმადიდებლური სამყარო რუსეთულ პოლიტიკას უჭერს მხარს სირიის ომში. 

გამოდის სერბეთის პატრიარქი და ამბობს, რომ მოდი, ამ მემორანდუმში შევიყვანოთ სირიიდან დევნილი მართლმადიდებლების გარდა კოსოვოდან დევნილი მართლმადიდებლებიო. არ არის პრობლემაო, შეიყვანეს. ალექსანდრიის პატრიარქი წამოდგა და გამოვიდა ინციატივით, თხოვნით, რომ აფრიკის პატარა ქვეყნებში არიან მართლმადიდებელი დევნილები და შევიყვანოთო, კი ბატონოო, უთხრეს. წამოდგა კათალიკოს პატრიარქი სრულიად საქართველოსი და თქვა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილები შევიყვანოთო. ეს პუტინმა უნდა გადაწყვიტოსო, უთხრეს. გადაწყვიტოს პუტინმაო მაშინ და აღარ მოაწერა ხელი." - ყვება მეუფე პეტრე.

მისი თქმით, ამის შემდეგ რუსულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ მსოფლიოს მართლმადიდებელმა პატრიარქებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი სირიიდან დევნილ მართლმადიდებლებს, ილია II-ს კი სურდა ამის საპასუხოდ მომდევნო კრებას, რომელიც კიევში უნდა გამართულიყო, აღარ დასწრებოდა და იქამდე საპროტესტო წერილი დაეწერა.

საბოლოოდ, წერილის დაწერა გაჭინაურდა და აღარ დაწერილა, კათალიკოს-პატრიარქი კი მაინც ჩავიდა კიევში:

"წერილს ვინ გაბედავდა, დაიწყეს ქალბატონი მდივან-რეფერატის ძებნა. როგორც მომიყვნენ, სადღაც ერთი საათი ეძებდნენ ქალბატონს. მერე ნახევარი საათი კალამს, ფურცელს, მერე პატრიარქს ჩაეძინა და დილით უთხრეს, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია, თქვენ ხელი მაინც არ მოგიწერიათ, ეს იმათ იცრუეს, რომ ყალბი ინფორმაცია გაუშვეს, მაგრამ ისტორიას დარჩება, რომ თქვენ ხელი არ გაქვთ მოწერილიო. დაამშვიდეს და წამოვიდნენ უკრაინაში."

უკრაინაში ვიზიტს თავად მეუფე პეტრეც შუერთდა. როგორც ის ყვება, პატრიარქმა კირილმა ითხოვა, ილია მეორეს ნომერში სახანძრო კიბით ასულიყო, თუმცა მისი გაკვირვების შემდეგ, პატრიარქი კირილი დაცვამ მოიყვანა კარებთან, რის შემდეგაც მან და ილია მეორემ დანარჩენებს ოთახის დატოვება სთხოვეს, საბოლოოდ კი ილია მეორემ არასასურველ დოკუმენტს ხელი მოაწერა:

"ვსხედვართ პატრიარქთან მისაღებში, შიგნით შემოვდამარტო, დაცვამ მოიყვანა კარებთან. ბადრაგი რომ პატიმარს შეიძლება დაადგეს, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რამაც დიდ უხერხულობაში ჩამაგდო და გვეუბნება, დაგვტოვეთ მარტოო, საქაღალდე უჭირავს. გავიდა ყველა მღვდელმთავარი და ბოლოს გავედი მეც. შეურაცხყოფილად ვთვლი ჩემს თავსაც და პატრიარქსაც.

მანიშნა და გავედი მეც. ორი სიტყვა უთხრა, დააგდო ეს საქაღალდე, მოაწერინა ხელი და წავიდა. არც დაგვემშვიდობა." - ამბობს მეუფე პეტრე.

 

 

კომენტარები