"ანა სუბელიანს სამართლიანად მოხვდა რაც მოხვდა," - ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ერთერთი წევრი გუშინდელ ძალადობრივ აქციაზე ანა სუბელიანზე მომხდარ თავდასხმას ტელეკომპანია "მთავართან" საუბრისას აფასებს.
მისი თქმით, "ანა სუბელიანმა ჩვენი წინაპრების მემორიალი რომ შეგვირაცხა, მაგას მოხვდა მოსახვედრი, ზუსტად სამართლიანად მოხვდა მაგას რაც მოხვდა," - ამბობს ძალადობრივი აქციის მონაწილე და ლევან ვასაძის მხარდამჭერი.
გუშინ "კინო" ამირანთან მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა აქცია გამართეს და ცდილობდნენ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა ჩაეშალათ.
კინოთეატრ "ამირანთან" მდგომი ძალადობრივი ჯგუფის წევრები პიროტექნიკას ისროდნენ და პოლიციის კორდონს აწვებოდნენ, რათა კინოთეატრის შენობაში შეეღწიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე სულ 28 ადამიანი დააკავა, აქედან 4-ის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსით აღიძრა.
ჩვენებაზე დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელსაც თვალთან ახლოს დიდი ზომის საგანი ესროლეს და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სუბელიანს თვალთან 7 ნაკერი დაადეს. ამბობს, რომ ჭრილობები ღრმაა.
ანა სუბელიანი 2018 წლის მაისში მიმდინარე აქციის "ჩვენი თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, რომელმაც აქციის მიმდინარეობისას პარლამენტის შენობასთან 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა, რის გამოც მას ძალადობრივი ჯგუფები ემუქრებოდნენ.
აქციები პარლამენტის ძველ შენობასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც 12 მაისს, ღამით, სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში შეიჭრა. ბასიანსა და გალერიში შეჭრის შემდეგ. პოლიციამ მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანები დაარბია და აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე დაიჭირა.