სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კინოთეატრ ამირანთ მიმდინარე ძალადობრივი ჯგუფების აქციას გამოეხმაურა. ლომჯარია ამბობს, რომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით უნდა დაიწყოს.
"მე მინდა ვთქვა, რომ ის, რაც ვნახეთ კინოთეატრ ამირანის წინ ეს არ იყო მშვიდობიანი გამოხატვა, ჩვენ იქ ვნახეთ ძალადობა და ანა სუბელიანი არის ამ ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი. შესაბამისად მე მიმაჩნია, რომ პასუხისგებაში უნდა მიეცნენ არა მხოლოდ ის პირები ვინც ადგილზე ძალადობდა, არამედ ვფიქრობ, რომ ადგილი ქონდა ძალადობის ორგანიზებას. გამოძიება უნდა დაიწყოს ძალადობის ორგანიზების მუხლით. ვინაიდან ამ ძალადობას ჩემი აზრით ჰყავდა ორგანიზატორები და წამხალისებლები და ადგილი ჰქონდა ძალადობისკენ მოწოდებებს", — ამბობს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ უნდა გამოიკვეთოს ძალადობის ორგანიზატორების როლი მიმდინარე მოვლენებში.
"მე ვფიქრობ, რომ ძალადობრივი მოწოდებები რამდენიმე დღის წინ დაიწყო, თუმცა უშუალო საფრთხე შეიქმნა მას შემდეგ, რაც ვერის ბაღში გაკეთდა განცხადებები პოლიციის კორდონის გარღვევაზე. მე ვფიქრობ, სულ მცირე რომ დანაშაულის ნიშნები სახეზეა და გამოძიება უნდა დაიწყოს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით. უნდა გამოიკვეთოს ორგანიზატორების როლის ამ ძალადობაში", — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი, ასევე გამოეხმაურა თავდასხმას აქტივისტ ანა სუბელიანზე. ლომჯარიას აზრით სუბელიანზე თავდასხმას დისკრიმინაციული მოტივი ჰქონდა და გამოძიებამ ეს უნდა გაითვალისწინოს.
"ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი, რომელიც ამძიმებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში თუ კი დანაშაული ჩადენილი დისკრიმინაციული მოტივით. მე ვფიქრობ, რომ ანა სუბელიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულს ქონდა სწორედ დისკრიმინაციული მოტივი", — ამბობს ნინო ლომჯარია.
ნინო ლომჯარია ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ კი პოლიცია აგრესიულ ადამიანებს კინოთეატრის შესასვლელამდე არ მიუშვებდა.
"პოლიციის მეთოდოლოგიაზე სიღრმეებში არ უნდა ჩავიდეთ, მაგრამ როდესაც გაკეთდა ძალადობრივი მოწოდებები და ეს ადამიანები დაიძრნენ კინოთეატრისკენ ვფიქრობ უმჯობესი იქნებოდა ეს აგრესიული ჯგუფები არ მიეშვათ კინოთეატრის შესასვლელთან."
ძალადობრივი ჯგუფების დემონსტრაცია ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის ჩვენების საწინააღმდეგოდ ამ დრომდე მიმდინარეობს. ყველაზე მეტად ვითარება კინოთეატრ ამირანთან დაიძაბა. შსს-ს ინფორმაციით ადგილზე დაკავებულია 11 პირი.
დაძაბულობის მიუხედავად დაგეგმილი სეანსები ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო.