And Then We Danced

კინოცენტრი And Then We Danced-ზე: მხარდაჭერა შემოქმედებით ჯგუფს, ცენზურა დაუშვებელია

ანკა გუჯაბიძე

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კინოთეატრებსა და And Then We Danced-ის შემოქმედებით ჯგუფს მხარდაჭერას უცხადებს. კინოცენტრი ყველა ადამიანს, იქნება ეს საერო თუ სასულიერო პირი, მოუწოდებს, თავი შეიკავოს ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან.

"ნებისმიერი სახის ცენზურა დაუშვებელია", - წერია კინოცენტრის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

"საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან ახალი ქართული ფილმის პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო. შვედურ-ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია "და ჩვენ ვიცეკვეთ" 8 ნოემბერს უნდა გამოვიდეს თბილისის ეკრანებზე. მაყურებლის ინტერესი ფილმისადმი ძალიან დიდია და, შესაბამისად, ყველა ბილეთი გაყიდულია. ეროვნული კინოცენტრი, ისევე როგორც ბევრი მაყურებელი მთელს მსოფლიოში, გულშემატკივრობს ამ ფილმს, რომელიც შვედეთმა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინა. ფილმმა უკვე მოიპოვა არაერთი საერთაშორისო აღიარება. მას კომერციული წარმატებაც აქვს.

ეროვნული კინოცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია ფილმის შექმნაში, სრულ მხარდაჭერას უცხადებს როგორც შემოქმედებით ჯგუფს, ისე კინოთეატრების მესვეურებს და თავის მხრივ მოუწოდებს ყველა ადამიანს, იქნება ეს საერო თუ სასულიერო პირი, თავი შეიკავოს ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან და შეახსენებს მათ, რომ საქართველოში ნებისმიერი სახის ცენზურა დაუშვებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით „შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია“, „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია“.

ამავე დროს საქართველოს კონსტიტუცია ადამიანთა თანასწორობის გარანტია. ეს ფილმი სწორედ ადამიანთა თანასწორობას და საკუთარი იდენტობის ხმამაღლა გაცხადებას ეხება. ადამიანთა თანასწორობის აღიარება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია. კაცობრიობამ დიდი ძალისხმევით და უზარმაზარი მსხვერპლის ხარჯზე თანდათან დაძლია რასიზმი, ფაშიზმი... ის აუცილებლად დაძლევს მიზოგინიას, ქსენოფობიას, ჰომოფობიას. ამ ფილმს შეუძლია თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ ბრძოლაში, იმისათვის რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უარყოს აგრესია და მიუღებლობა სექსუალური უმცირესობების მიმართ, და უფრო ჰუმანური გახდეს.

ეროვნული კინოცენტრი მიესალმება ფილმის ირგვლივ მსჯელობას, კრიტიკულ განხილვას, დისკუსიას საზოგადოების ყველა ფენაში, თუ ასეთი დისკუსიები ერთმანეთის მიმართ პატივისცემისა და საპირისპირო აზრის შეწყნარების ატმოსფეროში გაიმართება", - წერია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს, მაყურებლების კინოთეატრებში არ შეშვებით იმუქრება გურამ ფალავანდიშვილიც. ძალადობრივი ჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი, ლევან ვასაძე კი აღნიშნავს, რომ გაწევენ პოლიციელებს, შევლენ საოპერატოროში და ფილმის ჩვენებას გათიშავენ.

აქციაზე ყოფნას აანონსებს სასულიერო პირების ნაწილიც. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, "დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც". საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლევან აკინის ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას "ყოვლად მიუღებლად" მიიჩნევს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენების დროს დაიცავს, როგორც უსაფრთხოებას, ასევე, გამოხატვის თავისუფლებას.

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება. ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები.

კომენტარები