ირანი

ირანმა ბირთვული ენეგრიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორს აკრედიტაცია გაუუქმა

AFP

ირანმა ბირთვული ენეგრიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორს აკრედიტაცია გაუუქმა. მას გასულ კვირას ნატანზის ლაბორატორიაში, სადაც ურანის გამდიდრება ხდება, შესვლის უფლება არ მისცეს.

ირანი მიზეზად იმას ასახელებს, რომ ინსპექტორს თან საეჭვო ტექნიკა ჰქონდა.

ბირთვული ენეგრიის საერთაშორისო სააგენტოში, რომელიც ირანის მხრიდან 2015 წლის შეთანხმების შესრულებას აკვირდება, კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ გამოაცხადა, რომ თეირანი ბირთვული შეთანხმების პირობებიდან გამოსვლას აგრძელებს და 6 ნოემბერს ფორდოს ბირთვულ ლაბორატორიაში 1,044 ცენტრიფუგაში ურანის გაზის შეყვანას დაიწყებს.

2015 წლის შეთანხმების მიხედვით ამ დრომდე ცენტრიფუგებში გაზი არ შეჰყავდათ. როუჰანის არ დაუკონკრეტებია გამოიყენებენ თუ არა მას ურანის გასამდიდრებლად.

მანამდე ირანის ბირთვული პროგრამის დირექტორმა თქვა, რომ IR-6 ცენტრიფუგების რაოდენობა გააორმაგეს. ამ ტიპის ცენტრიფუგებს ურანის ათჯერ სწრაფად გამდიდრება შეუძლია, ვიდრე IR-1 ტიპის ცენტრიფუგებს. ირანელი მეცნიერები ასევე მუშაობენ IR-9 ტიპის ცენტრიფუგებზე, რომლებიც, მათი თქმით 50-ჯერ სწრაფად იმუშავებს.

ევროკავშირმა ირანს ბირთვული შეთანხმების პირობებში დაბრუნებისაკენ მოუწოდა და შეთანხმების დატოვებით დაიმუქრა. როუჰანიმ კი თქვა, რომ გადაწყვეტილებას გააუქმებენ, თუ ევროკავშირი მათ აშშ-ის სანქციების არიდების გზებს შესთავაზებს.

ამჟამად ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებს. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო, თუმცა 4.5%-მდე გამდიდრება ირანს საშუალებას აძლევს ბუშეჰირის ბირთვული რეაქტორი ამუშავოს.

მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ თქვა, რომ ირანი შეთანხმებას ნაწილობრივ დატოვებდა, დაიტოვებდა გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდდა.

კომენტარები