სამთავრობო ცვლილებები

მიხეილ ბატიაშვილმა განათლების მინისტრის პოსტი დატოვა

განათლების სამინისტრო

მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტი დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს მას. 

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გაკეთებულ კომენტარში ისაუბრა. გახარიას თქმით, ბატიაშვილმა გადადგომის მოთხოვნით პრემიერმინისტრს თავად მიმართა. 

ბატიაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე ექსპრემიერმა მამუკა ბახტაძემ 12 ივლისს წარადგინა. მან ამ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი ჩაანაცვლა. ბატიაშვილთან ერთად მაშინ ბახტაძემ ფინანსთა მინისტრის პოსტზე ივანე მაჭავარიანი, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია წარადგინა.

მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის პერიოდს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის, ია კერზაიას, გარდაცვალება უკავშირდება. კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არცევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. 

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებს

კომენტარები