ვითარება საპატრიარქოში

კობახიძე: ნაციონალური მოძრაობა განშტოებებით აწარმოებს ორკესტრირებულ შტურმს ეკლესიაზე

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, მოქმედი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას იზიარებს, რომელიც ფიქრობს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების უკან ის ადამიანები არიან, ვინც "იყვნენ პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევის უკან".

პარლამენტზე ძალადობრივ შეტევაში, მაღალი ალბათობით, თალაკვაძე 20 ივნისის მოვლენებს გულისხმობს, როცა მოქალაქეებმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელზე რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილობის დაჯდომა გააპროტესტეს, სპეცრაზმმა კი აქცია დაარბია.

ირაკლი კობახიძის თქმით - "ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით, ამ აქტივის წარმომადგენლები აწარმოებენ ორკესტრირებულ შტურმს ეკლესიაზე". 

"ეს შტურმი, ბუნებრივია, ინიცირებულია მათი ლიდერების მიერ. ამას ჰქონდა საბაბი, ცნობილი [სინოდის] სხდომის შემდეგ, რაც არის მათი ხელწერა. როგორც მოგეხსენებათ, 2004 წლიდან მოყოლებული, მაშინ ხელისუფლების პოზიციებიდან, ისინი აწარმოებდნენ შეტევას სხვადასხვა ფორმით ეკლესიაზე და ეს შეტევა გრძელდება"- ამბობს ირაკლი კობახიძე. 

ცნობისთვის, ციანიდის​ საქმის შემდეგ, საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები ხელახლა აქტუალური მეუფე იაკობის განცხადებების გამო გახდა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, ილია მეორეს მკვლელობას გეგმავდნენ. ამასთან, იაკობ იაკობაშვილისვე თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან, გიორგი გახარიასთან და ვახტანგ გომელაურთან შეხვედრისას მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი გადაეყენებინათ და მის ნაცვლად მოსაყდრე შიო დაეყენებინათ. ამ განცხადებების შემდეგ, მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის, თუმცა ეპარქიის მმართველად რჩება, რადგან "გამოხატა სინანული".

მეუფე იაკობის განცხადებებიდან მალევე, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა. მან თქვა, რომ სინოდის სხდომაზე მტკიცებულებების წარდგენაც შეუძლია. ამ განცხადების საჯაროდ გაკეთებამდე რამდენიმე წუთით ადრე პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან ​განაყენეს. მან ჭყონდიდის ეპარქია უკვე დატოვა. პეტრე ცაავა ერთ-ერთი პირველი მღვდელმთავარია, ვინც ილია მეორე საჯაროდ გააკრიტიკა, მისი მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი კი საპატრიარქოში ჩრდილოვან მმართველობაში დაადანაშაულა. მეუფე პეტრე მხარს უჭერს ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გათავისუფლებას.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია ეკლესიაში სექსუალური შევიწროების შესახებ. მღვდელმა გიორგი სხილაძემ, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში არ იმყოფება, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს სტუდენტი კაცის შევიწროებაში დასდო ბრალი. მან გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა.

ტაბულამ მოიპოვა ის წერილიც, რომელიც 1988 წელს სემინარიის სტუდენტმა დაწერა და მეუფე ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. მთავარეპისკოპოსი ზოსიმე სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს.

კომენტარები