ვითარება საპატრიარქოში

მეუფე ანტონი: მარსზე არ ვცხოვრობ, ბრალდებებს არ გამოვრიცხავ, ზომებს ვღებულობთ

shemoqmedi.ge

ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია ამბობს, რომ ის "მარსზე არ ცხოვრობს" და ეკლესიაში "მამათმავლობას და პედოფილიას", "რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს". ამასთან, საუბრობს ეკლესიის და სასულიერო პირების დისკრედიტაციის მცდელობაზე, რომელიც, მისი თქმით, "არახალია". 

ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას ეთერში მიტროპოლიტმა ანტონმა თქვა: 

"არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა. მარსზე კი არ ვცხოვრობ, დედამიწაზე ვცხოვრობ და რა თქმა უნდა, არ გამოვრცხავ. ვიცი, ხო... რა ზომებს ვღებულობთ რა. რამდენიმე მოძღვარი შეჩერებული იქნა. ქორეპისკოპოსები მსჯელობენ ამაზე და იკრიბებიან. არის სხდომები. რამდენიმე მოძღვარი განაყენეს, გაფრთხილება მისცეს. კვლევები მიდის, ზნეობრივი კომიტეტიც იქნა ჩამოყალიბებული და ჩვენ რომ ამას ერთ ყურში ვუშვებდეთ და მეორეში ვატარებდეთ, მთლად ასე არ არის. უფრო მეტი ზომაც შეიძლება. უფრო აქტიურადაც შეიძლება გატარდეს, მაგრამ ყოველთვის მტკივნეულია. ყველა მატარებელს ყავს თავისი მგზავრი, ყველა ნაჭერს ყავს თავისი მყიდველი. ყველა მოძღვარს ჰყავს თავისი მრევლი, რომელიც, რაც არ უნდა მოხდეს, არ დაიჯერებს. ამიტომ ძალიან მტკივნეულია, ამის დადასტურება ძალიან ძნელია". 

რაც შეეხება სასულიერო პირების დისკრედიტაციის მცდელობას, მიტროპოლიტ ანტონის თქმით, ამ მიზნით გაკეთებული განცხადებები მას "დროდადრო სულ ესმის". 

"ჩვენთვის ეს არახალია. მე ვიცოდი და ვიცი, რაც ხდება. ჩვენ ამას დროდადრო ვისმენთ ადამიანებისგან. რავიცი, კომუნისტებიც რომ იღებდნენ ფილმებს, სულ ოხროხინედ გვაჩვენებდნენ. ყოველთვის იყო მიზანმიმართული, რომ რომ სასულიერო პირნი დაკნინებულნი ყოფილიყვნენ. მე თვითონ როცა დავიწყე მსახურება აბაშაში, პირველი მოძღვარი ვიყავი 70 წლის შემდეგ და ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ ნდობა მომეპოვებინა, სამღვდელოებას ყოველთვის კრიტიკული თვალით გვიყურებდნენ", - თქვა მეუფე ანტონმა. 

__________________________________________________________________________

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა. მან თქვა, რომ სინოდის სხდომაზე მტკიცებულებების წარდგენაც შეუძლია. ამ განცხადების საჯაროდ გაკეთებამდე რამდენიმე წუთით ადრე პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან ​განაყენეს

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია ეკლესიაში სექსუალური შევიწროების შესახებ. მღვდელმა გიორგი სხილაძემ, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში არ იმყოფება, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს სტუდენტი კაცის შევიწროებაში დასდო ბრალი. მან გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა.

ტაბულამ მოიპოვა ის წერილიც, რომელიც 1988 წელს სემინარიის სტუდენტმა დაწერა და მეუფე ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. მთავარეპისკოპოსი ზოსიმე სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს.

კომენტარები