თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია

ღარიბაშვილი: ქვეყნის სიძლიერე ვალდებულების ერთგულებაში, თანმიმდევრულობასა და მდგრადობაშია

"საქართველოს სიძლიერე მდგომარეობს აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულებაში, თანმიმდევრულობასა და მდგრადობაში," - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნაზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მომავალი თაობებისთვის უფრო სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შეიქმნება.

„ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ მზარდ შესაძლებლობებთან ერთად დინამიურად და მრავალმხრივ იზრდება უსაფრთხოების გამოწვევებიც, რაც, მუდმივ ყურადღებასა და საპასუხო რეაგირებას მოითხოვს. ვაცნობიერებთ რა, მსოფლიო დინამიკაში არსებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს, პასუხისმგებლობით ვეკიდებით აღნიშნულ გამოწვევებს და ვმუშაობთ, რათა გავაღრმავოთ ცნობიერება ცვალებადი გლობალური გარემოს შესახებ, რომელიც თავისთავად მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებს," - თქვა მინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე, საქართველო თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს განაგრძობს.

„ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო მოწოდებულია კიდევ უფრო გააძლიეროს ტრანსფორმაციის პროცესი, რათა ჩამოვაყალიბოთ უფრო ძლიერი, უფრო ეფექტიანი თავდაცვის სისტემა, გავაძლიეროთ ოპერატიული შესაძლებლობები და მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ნატოსთან, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი," - ამბობს ღარიბაშვილი.

ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე, საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების გარდა, იმყოფებიან კონგრესმენები, ნატო-ს წარმომადგენლები, ასევე, დელეგატები ევროპარლამენტიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან.

კომენტარები