პრეზიდენტი: საქართველოს მთავარ უსაფრთხოების გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ახალი საფრთხეების გარდა, საქართველოს მთავარი და ყოველდღიური უსაფრთხოების გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები და ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე კონტროლის არ ქონა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"ეს ოკუპაცია ნიშნავს რუსეთთან მუდმივ დაძაბულობას, დაუსრულებელ ინციდენტებს, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს უფრო სახიფათო სიტუაციაში; საქართველო მუდმივად ცდილობს მათ თავიდან აცილებას, ვინაიდან ცალმხრივად აქვს უარი ძალის გამოყენებაზე. მაგრამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის არსებულ ჰუმანიტარულ გაჭირვებას შეუძლია ნებისმიერ დროს საფრთხე შეუქმნას მშვიდობას და მშვიდობიან განვითარებას", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მან ახსენა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გასულ კვირას გარდაცვლილი მარგო მათიაშვილი, რომელიც საოკუპაციო ხაზზე არ გაატარეს და სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო. ასევე, ზურაბიშვილმა მოიყვანა თამარ გიგაურის მაგალითი, რომელიც აუცილებელ სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს.

"მე მინდა ეს ფორუმი გამოვიყენო და თქვენი მეშვეობით მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რომ სასწრაფოდ ჩაერთონ ამ ჰუმანიტარულ ტრაგედიაში და მოძებნონ ეფექტური გადაწყვეტის გზები", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.

მან აღნიშნა, რომ იმ სიტუაციაში, რაც გრძელდება 2008 წლის ომის შემდეგ, ადეკვატური პასუხის არარსებობა ასევე უსაფრთხოების გამოწვევაა.

"მოსახლეობის უიმედობას და გაჭირვებას შეიძლება მოყვეს ინციდენტები, რომელთა თავიდან აცილება და კონტროლი ჩვენს საერთო ინტერესშია. რუსეთი უნდა დავარწმუნოთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაში და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვიძიოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზების გადაწყვეტის შესაძლებლობები ჟენევის, სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. რეგიონში ხანგრძლივი უსაფრთხოების მიღწევის ეს ერთადერთი გზა არსებობს", - თქვა მან.

უსაფრთხოების სხვა გამოწვევებზე საუბრის დროს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველოში, ისე რეგიონში ეს გამოწვევები იზრდება. მისი თქმით, ქვეყანამ შეძლო "სტაბილურობის კუნძულის შენარჩუნება".

"საქართველო არც ისე შორს არის, რეგიონის ეგრეთ წოდებული კრიზისული თაღისგან, სადაც ომი, ტერორიზმი, შიდა პოლიტიკური არეულობა ან მიგრაცია საფრთხეს უქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებასა და განვითარებას. საქართველომ შეძლო სტაბილურობის კუნძულის შენარჩუნება და მოახერხა მისი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების დაცვა არასასურველი ეფექტებისგან. მაგრამ ეს ძალისხმევა შესანარჩუნებელი და გასაორმაგებელია მოახლოებული ტერორიზმის პრევენციისთვის. ეს ნიშნავს პარტნიორებთან ინფორმაციის აქტიურ გაცვლას, მეტ გამჭვირვალობას და საზღვრების და მათზე გადაადგილების მეტ კონტროლს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ისაუბრა კიბერ უსაფრთხოებაზეც და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში მისი ადმინისტრაციის საიტიც გახდა ჰაკერული შეტევის მსხვერპლი.

"საქართველო ახალი რესურსების მობილიზაციას აკეთებს და მზად არის უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა გავუმკლავდეთ ამ საფრთხეებს და მოვემზადოთ სისტემების უკეთესი დაცვისთვის", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

​პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ საქართველოსთვის შავი ზღვა მომავალი ეკონომიკური განვითარების პოტენციალთან ერთად, უსაფრთხოების მიმართულებით გამოწვევაა. მან აღნიშნა, რომ ბათუმის და ფოთის პორტებში ნატო-ს გემების შემოსვლა მყარი მხარდაჭერის მაჩვენებელია.

"შავი ზღვით და მის გარშემო ეკონომიკურ თანამშრომლობას თან უნდა ერთვოდეს უსაფრთხოების გაცნობიერება და სტრატეგიული და თავდაცვითი თანამშრომლობა, რათა ავიცილოთ ყველანაირი ინციდენტი ან ესკალაცია, როგორიც აზოვის ზღვაში ვნახეთ. ბათუმის და ფოთის პორტებში ნატოს გემების შემოსვლა მყარი მხარდაჭერის მაჩვენებელია. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას შავ ზღვაში", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

​ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გამოწვევები მხოლოდ სამხედრო ხასიათის არაა და ეკლესიისა და მის ლიდერის მიმართ "ცილისწამება" ახსენა.

"ჩვენ ვხედავთ როგორ ემუქრება დეზინფორმაცია, ცილისწამება და ცრუ ინფორმაცია საზოგადოების ფუნდამენტებს. ასეთი იყო ბოლო დღეების თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა და უნარი ასეთ მანიპულაციებს არ დაექვემდებაროს", - თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამ გამოწვევებზე ქვეყნის პასუხი მის თავდაცვის პოლიტიკაში, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაშია. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის თავდაცვის პოლიტიკა არის ნატოს, როგორც უსაფრთხოების მთავარი უზრუნველმყოფის, "ღია კართან" მაქსიმალური მიახლოება.

"ინტეგრაციის ეს პროცესი დღეს არის კონსტიტუციით გარანტირებული, მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი და შეუქცევადი. ეს პროცესი არა მარტო მომავალს გვპირდება, არამედ უკვე აძლევს ქართულ შეიარაღებულ ძალებს გაზარდოს თავისი თავდაცვისუნარიანობა. ერთობლივად ჩვენ განვახორციელეთ მრავალ წვრთნა, წარმატებით დავასრულეთ ნატო საქართველოს არსებითი პაკეტი და ახალი ფაზის დაწყებისთვის ვემზადებით, აგრეთვე ინტენსიური ორმხრივი თანამშრომლობა გვაქვს პარტნიორებთან. ამ პროცესში საქართველოს თავისი სრული წილი შეაქვს როგორც თავდაცვის საჭიროებებზე მშპ-ს 2%-ის ხარჯვით, ისე სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკასა და მალიში", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება გამოწვევებზე პასუხს ეკონომიკური განვითარების კუთხით, საქართველოს პრეზიდენტმა ახსენა ეკონომიკის 5%-იანი ზრდა, ასევე ტურისტული და სასტუმრო სექტორის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიების და სოფლის მეურნეობის განვითარება.

"ჩვენი პასუხი მყარი დემოკრატიული განვითარებაა, ახალი კონსტიტუციით, მშვიდობიანი არჩევნებით და ახლა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შემუშავებული ახალი საარჩევნო კანონმდებლობით, რომელიც ძალაში შევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და სასამართლო რეფორმით, რომელიც გადამწყვეტ ფაზაშია. საარჩევნო მარათონის ერთ-ერთი გამოწვევაა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაცია და პოლარიზაცია, რომელიც საქართველომ უნდა გადალახოს.

ძლიერ, ცოცხალ და მშვიდობიან საქართველოს ვთავაზობთ ჩვენ ჩვენს მეზობლებს და პარტნიორებს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენცია 6-7 ნოემბერს იმართება. ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. კონფერენციაზე, საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების გარდა, იმყოფებიან კონგრესმენები, ნატო-ს წარმომადგენლები, ასევე, დელეგატები ევროპარლამენტიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და ა.შ.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მასპინძლობს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, რომლებიც სესიებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს საქართველოს, შავი ზღვის რეგიონის, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს უზიარებენ.

კომენტარები