სექსუალური შევიწროება ეკლესიაში

მამა გიორგი: მეუფე ზოსიმემ ზვიად გამსახურდია სემინარიაში მიიტყუა პროვოკაციის მოსაწყობად

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სემინარიისა და აკადემიის ყოფილი სტუდენტი, მღვდელი გიორგი სხილაძე ამბობს, რომ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა, სასულიერო სემინარიის იმდროინდელმა რექტორმა ზოსიმე შიოშვილმა ზვიად გამსახურდიას პროვოკაცია მოუწყო. მას შემდეგ, რაც მამა გიორგიმ მთავარეპისკოპოსი ზოსიმე სტუდენტი ბიჭის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა თქვა, რომ გიორგი სხილაძე "ვიღაცების წაქეზებით მოქმედებდა". 

"ხედავთ, საით წაიყვანა საუბარი ე.წ. მეუფე ზოსიმემ, რომ თითქოს ჩვენ ცილი დავწამეთ და მასთან მიგვაგზავნა გარკვეულმა ჯგუფმა. ახლა ვეღარ ასახელებს, რომ გულისხმობს ზვიად გამსახურდიას. თორემ რაც გააკეთა მან... [1988 წელს] ზვიად გამსახურდიას დაურეკეს სასულიერო აკადემიიდან თუ საპატრიარქოდან, ზუსტად თვითონაც არ იცოდა და უთხრეს, რომ მისულიყო პედსაბჭოს სხდომაზე. ზვიადი მოვიდა სემინარიაში ამ ამბების შემდეგ. ბუნებრივია, ერთმანეთს მივესალმეთ, რადგან ახლოს ვიცნობდით ერთმანეთს. მან გვკითხა - პედსაბჭოს სხდომა ტარდება თქვენთან? ჩვენ გავიკვირვეთ, რადგან ასეთი არაფერი ვიცოდით, ჩვენთან ერთად ამოვიდა სემინარიის კიბეებზე.

ამ დროს მეუფე ზოსიმეს კაბინეტიდან გამოვარდა მისი მძღოლი და სულიერი შვილი, დამცველი, მისი სტიქაროსანი (გვარიც ვიცი, მაგრამ არ დავასახელებ, ჩემი მიზანი მისი განკითხვა არ არის) გადაჭრილი ფარიკაობის ორლესური დაშნით. პირდაპირ ზვიადის წინააღმდეგ გაიწია. ხვდებით, ხომ რაც დაგეგმეს? თითქოს და ზვიად გამსახურდიამ მიგვაგზავნა, რადგან ჩვენ ერთად ვიყავით, თანამებრძოლები ვიყავით ეროვნულ საქმეში. იმ წუთში მეუფე ზოსიმეს მდივანი ელენე (გვარს არ დავასახელებ) გაიქცა მილიციაში, რომელიც იმჟამად სემინარიის გვერდით შენობაში მდებარეობდა. მოვიდა მილიცია, შეადგინეს აქტი, თითქოს ზვიად გამსახურდია თავს დაესხა მეუფე ზოსიმეს, თითქოს ცილი დასწამა. ზვიადი გაოგნებული იყო. ეს მეუფე ზოსიმეს მორჩილი ორლესული მახვილით იწევდა ზვიადიზე, არ ვიცი, დაჭრა უნდოდა, მოკვლა უნდოდა, შეიძლება მოეკლათ კიდევაც.

მახსოვს, ჩვენ გადავუდექით წინ, გადავეღობეთ, ზვიადის შეურაცხყოფის საშუალება არ მივეცით, სემინარიის სხვა სტუდენტებიც შემოიკრიბნენ, მეუფე ზოსიმეს გარემოცვა. გაიმართა შეხლა-შემოხლა. პოლიციამ შეადგინა აქტი. ზვიადი გაოგნებული დარჩა და მიაძახა ზოსიმეს, იცოდე, არ შეგარჩენ ამას, როგორც კერატიშვილი გავაგდე ეკლესიიდან, ისე გაგაგდებ შენცო”, -  ამბობს მღვდელი გიორგი სხილაძე მთავარ არხთან საუბარში.

კითხვაზე, რატომ დაიბარეს გამსახურდია პედსაბჭოზე, ლექციას ხომ არ კითხულობდა, მამა გიორგი პასუხობს - "ზვიადს სასულიერო სემინარიაში ლექციას წააკითხებდნენ კი არა, პატრიარქი არც ხვდებოდა ზვიად გამსახურდიას და პატრიარქმა, ცნობილია, რომ უშიშროებაში პირდაპირ უჩივლა, დაასმინა და მოითხოვა ზვიად გამსახურდიას დაპატიმრება". მღვდლის თქმით, ზვიად გამსახურდიას თავადაც გაუკვირდა, რატომ დაიბარეს პედსაბჭოზე.

"მიიტყუეს იქ, რომ პროვოკაცია მოეწყოთ მისთვის, თითქოს ზვიადი მიუვარდა მეუფე ზოსიმეს და ჩვენ, მისი დამქაშებმა ცილი დავწამეთ... ეს ბინძური სცენარი გაითამაშეს..." - თქვა სხილაძემ.

5 ნოემბერს ტაბულამ მოიპოვა წერილი, რომელიც ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით, 1988 წელს დაწერა სემინარიის სტუდენტმა. ის სემინარიის მაშინდელ რექტორს (ეპისკოპოსს) და წილკნისა და დუშეთის ამჟამინდელ მიტროპოლიტს, ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში სდებდა ბრალს. წერილი გაეგზავნა მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს. წერილში სტუდენტი დეტალურად ჰყვება მიტროპოლიტის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას. 

5 ნოემბერსვე, მღვდელმა გიორგი სხილაძემ, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და არ იმყოფება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა.

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს. მეუფე ზოსიმეს თქმით, სტუდენტები მისი სემინარიიდან წასვლას იმის გამო ითხოვდნენ, რომ მათგან სულიერებას და შინაგანაწესის დაცვას ითხოვდა. მთავარეპისკოპოსის მტკიცებით, სტუდენტები ეროვნული მოძრაობის აქციების გამო ლექციებს აცდენდნენ, რასაც გიორგი სხილაძე უარყოფს.

კომენტარები