დეკანოზ მამალაძის საქმე

სინოდი გეგმავს, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს

თეონა თურმანიძე

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის თქმით, დღევანდელ სხდომაზე წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. 

"წმინდა სინოდმა იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე, რომელსაც დღემდე შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება და ერთხმად გადაწყვიტა, რომ აღძრას შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან მისი შეწყალების საკითხზე. მისი ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობის გათვალისწინების გამო.", - თქვა მეუფე დანიელმა, რომელიც სინოდის სხდომის მდივანია. 

საქართველოს პრეზიდენტს შეწყალებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული, ვინაიდან, გაირკვა, რომ მან 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე მძიმე დანაშაულში ბრალდებული რამდენიმე პირი შეიწყალა. ამ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, სალომე ზურაბიშვილმა კი საპასუხოდ შეწყალებაზე უარი თქვა მანამ, სანამ "არ გადაიხედება და შემუშავდება შეწყალების წესები"

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. 5 სექტემბერს ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც უცვლელად დატოვა. 

მამალაძის ოჯახი, ასევე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მის შეწყალებას ითხოვდა. პეტრე ცაავა საპატრიარქოს სწორედ მამალაძის საკითხზე დაუპირისპირდა. 

მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტობიდან სინოდმა დღეს, 31 ოქტომბერს გადააყენა. სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ ამის მიზეზი ეკლესიაში "პიდარასტიის ცოდვის მხილებაა".

წმიდა სინოდის სხდომის დაწყებამდე მეუფე პეტრე ცაავამ თქვა, რომ "უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველა იერარქის საკითხი აქ გადაწყდეს". 

კომენტარები