ტურიზმი საქართველოში

სექტემბერში ევროკავშირიდან ტურიზმის შემოსავალმა რუსეთისას გადააჭარბა

Emerging Europe

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, წინა თვეში ევროკავშირიდან ტურიზმის შემოსავალმა რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს გადააჭარბა. გვენეტაძე ამბობს, რომ ეს პირველად მოხდა

ამის შესახებ კობა გვენეტაძემ მიმდინარე მაკროეკონომიკური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. ამავდროულად, გვენეტაძეს არ დაუსახელებია კონკრეტული რიცხვები. სებ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ტურისტული ნაკადის კლება სხვა ქვეყნებიდან ზრდამ გადაფარა. 

მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშიდან ირკვევა, რომ წინა წლის სექტემბერთან შედარებით ტურიზმიდან მიღებული ჯამური შემოსავალი თითქმის 5% არის შემცირებული. კლება 16.5 მილიონი დოლარია. 

სექტემბერი მიყოლებით მესამე თვეა, როცა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მცირდება. შემცირების ტენდენცია რუსული ავიასანქციების ამოქმედების შემდეგ დაიწყო. ამის მიუხედავად ტურისტული ნაკადი საქართველოში ჯამურად მაინც იზრდება. 

სექტემბერში, ტურისტული ნაკადი 1%-ით გაიზარდა. წინა წლის სექტმბერთან შედარებით, წელს საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა 20%-ით შემცირდა. ამ შემცირების მიუხედავად 2019 წლის პირველ 9 თვეში მაინც უფრო მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე 2018 წლის იანვარ-სექტემბერში. 

ტურისტების რაოდენობა, გაზრდილია როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე, სხვა მეზობელი სახელმწიფოებიდან. 

კომენტარები