კახიძე მეუფე იაკობის განცხადებებზე: თუ არაფერი აქვთ დასამალი, გამოძიებას რა უდგას წინ?!

ტვ. პირველი

ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიება რატომ არ იწყება. კახიძე გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძესაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. 

ოთარ კახიძის თქმით, გენერალური პროკურორის ასეთი განცხადება მიუთითებს, რომ ამ საქმეში მაღალჩინოსნების მხრიდან "მართლა სერიოზული ჩართულობა შეიძლება იყოს"

"თუ არაფერი აქვთ დასამალი, თუ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, მაშინ გამოძიების ჩატარებას რა უდგას წინ?! ინფორმაცია დანაშაულის შესახებ არის სავარაუდო საფუძველი გამოძიების დაწყების და ეს გენერალურმა პროკურორმა შეიძლება არ იცის, იმიტომ რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს კომპეტენციის მხრივ"- აღნიშნა კახიძემ 

...........

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის. საპატრიარქოს ვებ გვერდზე წერია, რომ მეუფე იაკობი თავისივე თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა ჩაინიშნა. მამა მიქაელ ბოტკოველმა მედიასთან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიარქი გადადგომას გეგმავდა.

კომენტარები