And Then We Danced

And Then We Danced-ის გუნდს კულტურის სამინისტრომ დაფინანსებაზე მეორედ უთხრა უარი

ანკა გუჯაბიძე

კულტურის სამინისტრომ ქართულ-შვედური ფილმს "და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) დაფინანსებაზე უკვე მეორე უთხრა უარი.

ამის შესახებ ფილმის პროდიუსერი, ქეთი დანელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დანელია აღნიშნავს, კულტურის სამინისტროს მათ მხოლოდ ლოს-ანჯელესში გასამგზავრებელი 4 ბილეთი და ქართული სასაჩუქრე სუვენირები სთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს.

"მთელი ამ მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, ერთადერთი რაც ვითხოვეთ, ლოს-ანჯელესში დაგეგმილ ძალიან მნიშვნელოვან ჩვენებაზე და მიღებაზე, (სადაც აუცილებლად უნდა იყოს ჯგუფი) 4 ბილეთი და ქართული სასაჩუქრე სუვენირების შეძენა იყო. 4 ბილეთი და ქართული სასაჩუქრე სუვენირები", - წერს დანელია.

მისივე ცნოვით, ისინი კინოცენტრს ელოდებია, რომელიც თანხის მოძიებას ცდილობს.

"მეორე უარი კულტურის სამინისტროდან. მეორე უარყოფა. რომ მეუბნებიან რატომ თხოვ რამეს, ხომ იცი რომ მაინც არ მოგცემენ, უფრო მეტად ვბრაზდები. უფრო მეტად მინდება ბრძოლა.
არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ, რომ მიიღონ ეს ფილმი, ძალიან პრინციპულია რომ მიიღონ. ძალიან მეცინება არგუმენტზე, „ეს ხომ არ არის ქართული პროექტი? ხომ შვედეთმა წარადგინა?“. დიახ, ქართულია!!! უნდა მიიღონ ეს მოცემულობა, რომ ქართულია! რაც ფილმში ხდება ყველაფერი ქართულია!! საქართველოზეა, თბილისზეა, ჩვენზეა, ჩვენს მეგობრებზეა, ჩვენს გვერდით რომ ცხოვრობენ იმ ადამიანებზეა. ჩვენს კულტურაზეა - კულტურის სამინისტროვ. „მანდარინებიც“ ესტონეთმა წარადგინა ოსკარზე, მაგრამ დავაფინანსეთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი და როგორ. დავაფინანსეთ, მივიღეთ და ძალიან გვიხაროდა ყველას ქართული კინო ოსკარზე!

ეხლა ყველაზე გადამწყვეტი ეტაპია ფილმისთვის - წინასაოსკარე კამპანია. რომელშიც უამრავი შრომა, ენერგია და ფინანსებია ჩადებული. სხვადასხვა ქვეყნებში იმართება სპეციალური ჩვენებები კინოაკადემიის წევრებისთვის. ხომ წარმოგიდგენიათ ერთი სეანსის მოწყობაც კი რამხელა რესურსს მოითხოვს, თუნდაც საქართველოში, ჰოდა ასეთი ძალიან ბევრი ჩვენებაა უკვე გაკეთებული მსოფლიოს მასშტაბით და კიდევ ბევრი დაგეგმილი. ამ ყველაფერზე არავის ვაწუხებთ, მართლა გაგებით ვეკიდებით)) მგონი, 50 ფესტივალზე ვიყავით და არც ერთხელ სამგზავრო გრანტი, ან სხვა აქტივობის დაფინანსება არ მოგვითხოვია", - წერს დანელია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

კომენტარები