მეუფე იაკობის განცხადება

გომელაური: ვერ წარმომიდგენია ვინმემ განიხილოს პატრიარქის გადაყენება-არ გადაყენების თემა

ტაბულა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია "საერთოდ ვინმემ განიხილოს პატრიარქის გადაყენება-არ გადაყენების თემა".

ასე ეხმაურება ვახტანგ გომელაური მეუფე იაკობის განცხადებას, რომლის მიხედვით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას "ეჩალიჩებოდნენ" ილია მეორე გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად.

"უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს. არამარტო მე, მთლიანად ჩვენი გუნდი და ვფიქრობ, მთელი საქართველო. ეს თემა საერთოდ, განხილვის თემაზე, მე ვერ წარმომიდგენია საერთოდ ვინმემ განიხილოს, ჩემზეც არ ვამბობ, საერთოდ ვინმემ განიხილოს ეს თემა, რომ პატრიარქის გადაყენება-არ გადაყენების თემა", - ამბობს ვახტანგ გომელაური.

შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ შეხვედრა არ შემდგარა და "არანაირ ასეთ შეხვედრაზე" არ ყოფილა.

რაც შეეხება გამოძიებას, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ეს პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს.

"გამოძიებაზე პროკურორმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ არ აპირებს დაწყებას. მე არ ვიცი, პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს სიმძიმეს, დანაშაული არის თუ არ არის. შსს-ც რომ საქმეს ღძრავს და გამოძიებას იწყებს, პროკურატურას უთანხმებს, ანუ ზედამხედველია და პროკურორმა განცხადება გააკეთა, მე რატომ მეკითხებით ახლა.

დანაშაული თუ რაღაცა გამოვლინდება მისი საუბრიდან, პროკურორი გადაწყვეტს დაიწყოს თუ არ დაიწყოს, მე რა უნდა ვთქვა ეხლა. ის თემა, რომ მე დამასახელა, არ ვიცი ახლა... დაასახელა ყოფილი პრემიერი, დღევანდელი პრემიერი და მე და ნუ, არ ვიცი ეხლა, რატო დაასახელა", - ამბობს გომელაური.

ჟურნალისტების კითხვას, იცნობს თუ არა ბოდბელ ეპისკოპოსს და აქვს თუ არა მასთან კომუნიკაცია, შს მინისტრი დადებიტად პასუხობს.

​"კომუნიკაცია როგორ არ მაქვს... როგორ არ ვიცნობ. ძალიან კარგად ვიცნობ არამარტო იაკობს, არამედ ძალიან ბევრ მეუფეს და ტრაპეზი იყო თუ დღესასწაულები საეკლესიო, ბევრჯერ შევხვედრილვართ

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის. საპატრიარქოს ვებ გვერდზე წერია, რომ მეუფე იაკობი თავისივე თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა ჩაინიშნა. მამა მიქაელ ბოტკოველმა მედიასთან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიარქი გადადგომას გეგმავდა. 

საქართველოს მთავარი პროკურორის თქმით, ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებაზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს. შალვა თადუმაძე აღნიშნავს, რომ ამ განცხადებაში დროის და მოვლენების ერთმანეთში აღრევაა და ინფორმაცია გონივრულობის სტანდარტს ვერ გადალახავს.

კომენტარები