მეუფე იაკობის განცხადება

თადუმაძე მეუფე იაკობზე: ინფორმაციაზე, რომელიც რეალობას მოკლებულია, გამოძიება არ უნდა დაიწყოს

ტვ პირველი

საქართველოს მთავარი პროკურორი ამბობს, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. შალვა თადუმაძის თქმით, ამ განცხადებაში დროის და მოვლენების ერთმანეთში აღრევაა და ინფორმაცია გონივრულობის სტანდარტს ვერ გადალახავს.

"როცა ვხედავ გამოძიების დაწყების საფუძველს, მაშინ ვიწყებ გამოძიებას", - აღნიშნა თადუმაძემ.

მისივე თქმით, როცა ის პირები, რომელზეც ამბობენ, რომ მათ ფულს სძალავდნენ, ამას უარყოფენ, გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს.

"განცხადებები, რომლებიც ვრცელდებოდა, არ შეესაბამება რეალობას, გამომდინარე იქედან, რომ იმ დროს ის ადამიანები იმ თანამდებობებს არ იკავებდნენ და ფაქტები, რომლებიც სხვა შემთხვევეში მოხდა, იმ დრომდე იყო მოხვედრილი. ბუნებრივია, ასეთი ინფორმაცია გონივრულობის სტანდარტს ვერ გადალახავს, შესაბამისად, აღნიშნულ ინფორმაციებზე გამოძიება არ იწყება. პრემიერთან შეხვედრა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და ეს დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. ინფორმაციაზე, რომელიც რეალობას არის მოკლებული, ბუნებრივია, გამოძიება არ უნდა დაიწყოს. ეს კანონით არის განსაზღვრული, ამ სახის ინფორმაციაზე გამოძიება არასოდეს, არც ერთ ქვეყანაში არ იწყება, შესაბამისად, არ უნდა დაიწყოს გამოძიება", - ამბობს შალვა თადუმაძე.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის. საპატრიარქოს ვებ გვერდზე წერია, რომ მეუფე იაკობი თავისივე თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა ჩაინიშნა. მამა მიქაელ ბოტკოველმა მედიასთან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიარქი გადადგომას გეგმავდა. 

კომენტარები