ჰაკერული თავდასხმა

პროსერვისი: კიბერშეტევის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა 15 000 ვებგვერდი, ვმუშაობთ უწყვეტ რეჟიმში

კომპანია პროსერვისის განცხადებით, "ერთერთი ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა სერვერებზე განთავსებული დაახლოებით 15,000 ვებგვერდი". 20:00 საათის მდგომარეობით, აღდგენილია ვებგვერდების 50%-ზე მეტი.

"პრობლემის აღმოჩენისთანავე, კომპანია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს პრობლემის სრულ აღმოფხვრაზე. კომპანიაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პრობლემის აღმოსაფხვრელად. პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და ვებგვერდების აღდგენა ხვალ დღის ბოლომდე იგეგმება.

კომპანია პროსერვისი დიდ ბოდიშს უხდის ყველა მის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდის მფლობელებს და მადლობას უხდის ყველას ამ რთულ წუთებში თანადგომისა და დახმარებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჰაკერული თავდასხმა საქართველოს სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებზე, ასევე, კერძო საიტებზე მოხდა. გვერდებზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები).

ამ დროისთვის ცნობილია შემდეგ საიტებზე თავდასხმის შესახებ:

  • საქართველოს პრეზიდენტი - president.gov.ge
  • საქართველოს საერთო სასამართლოები - court.ge
  • თბილისის სააპელაციო სასამართლო - tbappeal.court.ge
  • აჭარის უმაღლესი საბჭო - www.sca.ge
  • ქარელის საკრებულო - shidakartli.gov.ge
  • ბათუმის საკრებულო - batumicc.ge
  • ქუთაისის საკრებულო - kutaisi.gov.ge
  • გურჯაანის საკრებულო - www.gurjaani.ge
  • საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია - gsmea.ge
  • მუნიციპალური განვითარების ფონდი - mdf.org.ge
  • თავისუფალი უნივერსიტეტი - freeuni.edu.ge
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - gau.ge
  • საზოგადოებადა ბანკები - sab.ge
  • მედიის განვითარების ფონდი - mdfgeorgia.ge
  • რუსთაველის თეატრი - rustavelitheatre.ge
  • დემოკრატიის ლაბორატორია
  • კაქტუს მედია
  • თრიალეთი
  • tvpirveli.ge
  • saqinform.ge
  • iPlus.ge
  • rogor.ge
  • nova.ge
  • arma.ge
  • argo.ge
  • mdf.ge
  • inex.ge
  • photoessay.ge

გარდა ამისა, ტელეკომპანიები "იმედი" და "მაესტრო", სავარაუდოდ, კიბერშეტევის გამო ეთერში ვერ გადიან. ინფორმაციას facebook-ით "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე ავრცელებს.

"ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს," - წერს ჩიხლაძე.

​საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე ჰაკერული თავდასხმის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას.

კომენტარები