გაზის აფეთქება

ექიმი: აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თევდორე მღვდლის ქუჩაზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის თქმით, პაციენტს სხეულის 35%-ის მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს.

"დამწვარი აქვს თავი მთლიანად, ორივე ზემო კიდური, გულ-მკერდი, მისი მდგომარეობა არის საკმაოდ სერიოზული, დამწვრობას თან ახლავს ბაროტრავმა, რაც ამ აფეთქებამ გამოიწვია, ის მოთავსებულია რეანიმაციის განყოფილებაში, მიმდინარეობს ანტიშოკური მკურნალობა" - ამბობს ქაშიბაძე.

კითხვაზე, აქვს თუ არა დაშავებულს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები, ექიმი პასუხობს - "მას აქვს საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მისი ასაკიდან, ტრავმის მექანიზმიდან და დაზიანების სიღრმიდან გამომდინარე".

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ერთერთ კორპუსში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა. აფეთქების შედეგად, ჩამოინგრა მეხუთე სართული. დაშავდა ერთი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.

კომენტარები