ანაკლიის პორტის პროექტი

კონსორციუმი: ტრანზაქცია არ განხორციელებულა, შესაბამისად, CONTI რჩება პროექტში

ბია

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მისი 42%-იანი წილის მფლობელი კომპანიის Conti International-ის პროექტიდან გასვლასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. 

კონსორციუმი ადასტურებს, რომ კონტი ჯგუფს პროექტიდან გასვლა ნამდვილად სურს, თუმცა მათი განცხადებით, ტრანზაქცია, რომლითაც კომპანია პროექტიდან უნდა გასულიყო, არ განხორციელებულა და, შესაბამისად, ის აქციონერად რჩება. 

"იმისდა მიუხედავად, რომ Conti International იტოვებს პროექტიდან გასვლის სურვილს, მსგავსი ტრანზაქცია უახლოეს მომავალში არ იგეგმება,"- წერია კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

bm.ge-ის ინფორმაციით, მათ Conti International-ისგან საგანგებო განცხადება მიიღეს, რომელშიც წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, კომპანიას კონსორციუმიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შეუცვლია. 

"კონტი გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი წილის გასხვისების პროცესს და დატოვებს კონსორციუმს კონსტრუქციულად ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს პროექტის დასრულებას,"- წერია განცხადებაში, რომელსაც bm.ge ავრცელებს. 

იმავე განცხადებაში კონტი ჯგუფი წერს, რომ ისინი წილების გასაყიდად მთავრობის თანხმობას ელოდებიან. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონტი ჯგუფი კონსორციუმიდან გასვლას გეგმავდა, თავდაპირველად 15 აგვისტოს გავრცელდა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ამბობდნენ, რომ კომპანიის პროექტიდან გასვლის მიზეზი მთავრობის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო გაჩენილი უკმაყოფილება იყო.

25 ოქტომბერს კი ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ამერიკული კომპანია გადაწყვეტილებას ცვლის და პროექტიდან აღარ გადის. 

კომენტარები