ანაკლიის პორტის პროექტი

"არაა საჭირო პერფორმანსი" - ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე პარლამენტში მისვლას არ აპირებს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

"ამ პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი" - ასე პასუხობს ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, აპირებს, თუ არა პარლამენტში მისვლას, სადაც დამოუკიდებელი დეპუტატები მას ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმთან ერთად იბარებენ. 

ცქიტიშვილი ამბობს, რომ მთავრობას კონსორციუმთან დიალოგის პრობლემა არასდროს ჰქონია. 

"ამ პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი, არ სჭირდება პარლამენტში ღია განხილვა და ღია შეხვედრის მოწყობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავრობას შორის. ჩვენ ამ შეხვედრებს აუცილებლად გავმართავთ იმ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, ორივე მხარეს მოვძებნოთ ამ პროექტის წარმატებისთვის აუცილებელი გამოსავალი,"- ამბობს ცქიტიშვილი მედიასთან კომენტარში. 

ოპოზიციის მოთხოვნას ცოტა ხნით ადრე ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი გამოეხმაურა და თქვა, რომ მზად არის პარლამენტში ღიად ისაუბროს ანაკლიის პორტის პროექტზე. 

15 ოქტომბერს ამოიწურა სახელმწიფოს მხრიდან კონსორციუმისთვის დაწესებული ვადა. სამუშაო დღის ბოლომდე კონსორციუმს უნდა წარმოედგინა შეთანხმებები ინვესტორებთან პროექტის დაფინანსების შესახებ, ასევე, დოკუმენტი კაპიტალის სრულად შევსებაზე. 

15 ოქტომბერს ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა თქვა, რომ გასული თვეების და კვირების მანძილზე "მთავრობამ პრაქტიკულად საბოტაჟირება მოახდინა ამ პროექტის". მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, კონსორციუმს ახლაც ჰყავს ინვესტორები, ვინც კვლავ მზად არის პროექტში ფული ჩადოს. 

15 ოქტომბერს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელშეკრულების ვადას წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებენ.

მან თქვა, რომ ეს პროექტი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია და ოპონენტებს, მათ შორის კონსორციუმსაც "არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ მთავრობას დააბრალონ რაიმე სახის ქმედება", რომელიც ხელს შეუშლის ანაკლიის კონსორციუმს პროექტის განხორციელებაში.

16 ოქტომბერს, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ვადის გადავადებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. 

ცნობისთვის, კონსორციუმისთვის მიცემული ვადა რამდენიმეჯერ გახანგრძილვდა, მათ შორის ბოლოს ესეთი გადაწყვეტილება მთავრობამ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადების შემდეგ მიიღო. მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, პომპეომ გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს ბოლო მიიყვანდა პორტის მშენებლობას.

ამ დროისთვის ანაკლიის კონსორციუმმა წარადგინა ორი პოტენციური ინვესტორი, ყაზახური Meridian Capital Limited-ი და ჰოლანდიური Van Ord-ი. ახალი ინვესტორის მოძიების საჭიროება მას შემდეგ შეიქმნა, რაც კონსორციუმის შემადგენლობიდან ამერიკული კონტი ჯგუფი გავიდა. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონტი ჯგუფის ჩამნაცვლებლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ჰოლანდიურ Van Ord-თან დაკავშირებით სამინისტრომ გადაწყვეტილება 21 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს, ხოლო Meridian-თან დაკავშირებით 28 ოქტომბრამდე.

კომენტარები