ჰონგ-კონგში, სადაც უკვე მე-5 თვეა მომიტინგეები ოფიციალური პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებენ და დემოკრატიულ ცვლილებებს ითხოვენ, კატალონიის დამოუკიდებლობისთვის სოლიდარობის აქცია გაიმართა. კატალონიაში ესპანეთისგან დამოუკიდებლობის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე დღეა მრავალათასიანი აქციები იმართება.
ჰონგ-კონგელებს სოლიდარობის აქციაზე კატალონიის დროშა და მხარდამჭერი პლაკატები ეკავათ ხელში, სადაც ეწერა "თავისუფლება კატალონიას".
"აქ იმიტომ მოვედი, რომ კატალონიას, ჰონგ-კონგის მსგავსად, მხარდაჭერა სჭირდება. დემოკრატია უნივერსალური ღირებულებაა," - თქვა 22 წლის ჰონგ-კონგელმა აქტივისტმა ჯეისონ ჩანმა.
აქციაზე ორიოდე ბანერიც შენიშნეს, სადაც კატალონიის დამოუკიდებლობასთან ერთად ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობასაც ითხოვდნენ.
დღეს ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობაზე ხმამაღლა საუბარს ჰონგ-კონგელთა ძალიან მცირე ნაწილი ბედავს.
1997 წლის შემდეგ პირველად, მას შემდეგ, რაც ქალაქი ბრიტანეთმა ჩინეთს გადასცა, გასული წლის სექტემბერში ჰონგ-კონგელმა მაღალჩინოსნებმა ჯგუფს, რომელიც ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობის იდეას ავრცელებდა, საქმიანობა აუკრძალეს.
ჩინეთი უარყოფს ბრალდებას, რომ ჰონგ-კონგის შიდა საქმეებში ერევა, თუმცა აშშ-ისა და გაერთიანებულ სამეფოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
პრეზიდენტ სი ძინპინის მმართველობის სათავეში მოსვლიდან 2012 წლის შემდეგ ჰონგ-კონგის პროტესტი მისთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური გამოწვევაა.
რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ ჩინეთის გახლეჩვის ნებისმიერი მცდელობა "დანაწევრებული სხეულებითა და დამსხვრეული ძვლებით" დასრულდებოდა.
ჰონგ-კონგში კატალონიის სოლიდარობის აქციის პარალელურად ბარსელონაში ჩინეთის საელჩოსთან კატალონიელებმა ჰონგ-კონგის მხარდამჭერი აქცია გამართეს და ჰონგ-კონგის ახალი არაოფიციალური ჰიმნიც იმღერეს.
- რა ხდება კატალონიაში?
14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრებს 2017 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში და რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებაში როლისათვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ კატალონიის 9 სეპარატის ლიდერი ამბოხებაში ცნო დამნაშავედ.
13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კატალონიის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მემარცხენე რესპუბლიკური პარტიის ლიდერს ორიოლ ჟუნკერასს. ის ამბოხებისაკენ მოწოდების გარდა თანხების გაფლანგვაშიც ცნეს დამნაშავედ.
12 წელი მიესაჯათ ამავე დანაშაულებისათვის კატალონიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ რაულ რომევას, ყოფილ შრომის მინისტრ დოლორს ბასსას და რეგიონული მთავრობის სპიკერ ჟორდი ტურულს.
კატალონიის პარლამენტის ყოფილ სპიკერს, კარმე ფორკადელს 11.5 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ყოფილ შინაგან საქმეთა და ტერიტორიულ მინისტრებს 10.5 წელი.
კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრები განაჩენის გასაჩივრებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებენ.
მათ მხარდამჭერებს მშვიდობიანი აქციის გამართვისაკენ მოუწოდეს, თუმცა პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა.
კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტთან. ამის გამო გადაიდო 108 ფრენა.
პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ უზენაესმა სასამართლომ გამოსცა კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუჩდემონის დაკავების ახალი ორდერი, რომელიც ევროპის მასშტაბით ამოქმედდება.
პუჩდემონი 2017 წლის ოქტომბრიდან თავს ბელგიას აფარებს. ის ქვეყნიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც ოფიციალურმა მადრიდრმა კატალონიის რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა და რეგიონის ლიდერების გასამართლება დაიწყო.
პუჩდემონი 25 მარტს გერმანიის ჩრდილოეთით დააკავეს, როდესაც ბელგიაში ფინეთიდან ბრუნდებოდა.
მის დასაკავებლად გაცემული ორდერი გასული წლის დეკემბერში გაუქმდა, მას შემდეგ, რაც გერმანიის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პუჩდემონს ესპანეთს მხოლოდ საჯარო თანხების არამიზნობრივი გამოყენების ბრალდებით გასასამართლებლად გადასცემდა, თუმცა არა ამბოხების ბრალდებით გასამართლებისათვის.
ესპანეთის სასამართლომ შემოთავაზებაზე უარი თქვა და პუჩდემონის დაკავების ორდერი გააუქმა. შედეგად ის ბელგიაში დაბრუნდა. ახალი ორდერი, რომელიც ამბოხებისაკენ მოწოდებისა და საჯარო თანხების გაფლანგვის გამოა გაცემული ბელგიაში ახალი ლეგალური პროცესის დაწყებას გამოიწვევს.
გასული წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო.
მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს კატალონიის რეგიონული მთავრობის ლიდერმა ჟოაკიმ ტორამ თქვა, რომ ორ წელიწადში დამოუკიდებლობის საკითხზე ხელახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.
- რა ხდება ჰონგ-კონგში?
თავდაპირველად აქციები ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო. ჰონგ-კონგელები შიშობდნენ, რომ ექსტრადირებით ოფიციალურ პეკინს ნებისმიერი ჰონგ-კონგელის კონტინენტურ ჩინეთში გასამართლება შეეძლებოდა, სადაც ადამიანის უფლებებს არ იცავენ და სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. აქციების დაწყებიდან მე-5 თვეს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა კანონპროექტი გაიწვია. პროდემოკრატიული აქციები პოლიციამ არაერთხელ ძალადობრივად დაშალა - დარბევის დროს, სულ მცირე, ოთხმა ადამიანმა თვალი დაკარგა, აქციებზე პოლიციამ მომიტინგეს ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ესროლა. აქციების მიმდინარეობისას ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევას კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაემატა - თავისუფალი არჩევნები, აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება, პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა.
არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. ატაშეების ინფორმაციით, ჩინეთმა ჰონგ-კონგში სამხედრო პერსონალის რიცხვი ფარულად გააორმაგა.
აშშ-ში ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტის მიღებაზე მსჯელობენ, რითაც შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვ.
"რათქმაუნდა, ჩინეთს [სავაჭრო] შეთანხმების მიღწევა სურს. დაე, თავდაპირველად ჰონგ-კონგთან იმუშაონ ჰუმანურად!" - განაცხადა ტრამპმა.
1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით, რითაც ჰონგ-კონგს განსაკუთრებული ავტონომია მიენიჭა. ჰონგ-კონგი კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.
ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.