საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ვიცე-მერი: სადგურის მოედანი ჩემს სტუდენტობაშიც სულ გადატვირთული იყო

"სტუდენტობის პერიოდში სულ მეტროთი ვმგზავრობდი და სადგურის მოედანი მაშინაც გადატვირთული იყო," - ამბობს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ტვ პირველთან საუბრისას.

ხმალაძემ გუშინ თქვა, რომ მეტროში მგზავრთა მომატებული ნაკადი ხალხს უნდა უხაროდეს და ამის მიზეზებიც დაასახელა. 

"განზოგადებულ მასშტაბში გამოტანილი, რომ მეტროში გვაქვს მომატებული ნაკადები, ეს ასე არ არის. პრობლემური კვანძი არის მხოლოდ გადასაჯდომი სადგურის მოედანი და ის კონკრეტული გვირაბი, სადაც კონკრეტულ მონაკვეთში და განსაკუთრებით პიკის საათებში არის მოზღვავებული ნაკადი," - ამბობს ვიცე-მერი.

ხმალაძე ასევე აღნიშნავს, რომ მომატებული ნაკადების განმაპირობებელი ტაქსების რეფორმა ვერ გახდება და ნაკადის ზრდა მუდმივი ტენდენციაა - "ეს უკავშირდება ეკონომიკური აქტივობების ზრდას."

თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ გუშინ, 23 ოქტომბერს თქვა, რომ მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადის მომატება უნდა უხაროდეს.

ხმალაძემ სიხარულის სამი მიზეზი დაასახელა: საზოგადოება აქტიურად იწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას, ქალაქში ნაკლები საცობები იქნება, ნაკლებად დაბინძურდება ჰაერი.

„თუნდაც ორი საათი დაჭირდეს გზას, ეს სჯობს, ვიდრე დაავვადდეთ,“ - თქვა მან.

 

კომენტარები