რეფინანსირების განაკვეთი

გახარია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე: ფაქტია, შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას

მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე გაზრდას აფასებს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად უახლოეს პერიოდში ეკონომიკური ზრდა შემცირდება.

"რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ ეს მომავალ წელს, დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას.

თუმცა, რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავისი მანდატი, რომელშიც მან უნდა იმოქმედოს," - ამბობს პრემიერი.

როვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 1%-ით გაიზრდება 8.5%-მდე.

ეროვნული ბანკის განმარტებით, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი მიზნობრივზე მაღალი, 6.4%-იანი ინფლაციაა, რასაც ვალუტის გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი განაპირობებს.

სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა ორჯერ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი - ჯერ 6.5%-დან 7%-მდე, ხოლო შემდეგ 7%-დან 7.5%-მდე.

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

2008 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები აამოქმედა.

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ. მოსალოდნელია კომერციული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც. შედეგად, შემცირდება ფულის მასა ბაზარზე, რამაც უნდა შეამციროს ინფლაცია და გაამყაროს ეროვნული ვალუტა, სამაგიეროდ უარყოფითი ეფექტი ექნება ეკონომიკურ აქტივობაზე.

კომენტარები