მონეტარული პოლიტიკა

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 1%-ით ზრდის 8.5%-მდე

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 1%-ით გაიზრდება 8.5%-მდე.

ამ გადაწყვეტილების შედეგად მოსალოდნელია, რომ 102 700 მომხმარებელს გაუძვირდება საპროცენტო განაკვეთი სესხზე, როგორც ეს წინა ჯერზე მოხდა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი მიზნობრივზე მაღალი, 6.4%-იანი ინფლაციაა, რასაც ვალუტის გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი განაპირობებს.

სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა ორჯერ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი - ჯერ 6.5%-დან 7%-მდე, ხოლო შემდეგ 7%-დან 7.5%-მდე.

"ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვლავ გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება და ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ახდენს ზეწოლას. ამ უკანასკნელს ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ფაქტორები მხოლოდ ნაწილობრივ ანეიტრალებს, რადგანაც, წინა პერიოდთან შედარებით, წინასწარი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის გააქტიურებაზე მიუთითებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის კიდევ 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო." - ამბობენ ეროვნულ ბანკში.

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

2008 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები აამოქმედა.

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ. მოსალოდნელია კომერციული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც. შედეგად, შემცირდება ფულის მასა ბაზარზე, რამაც უნდა შეამციროს ინფლაცია და გაამყაროს ეროვნული ვალუტა, სამაგიეროდ უარყოფითი ეფექტი ექნება ეკონომიკურ აქტივობაზე.

კომენტარები