ვანო მერაბიშვილი

სასამართლომ მეორედაც გააუქმა "უდოს" კომისიის უარი მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე

რადიო თავისუფლება

სასამართლომ მეორედაც გააუქმა კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.

თუმცა, ე.წ "უდოს" კომისია ყოფილი პრემიერის გათავისუფლებაზე კვლავ უარს ამბობს. 

მერაბიშვილის ადვოკატებმა კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა, სასამართლოში რამდენიმე კვირის წინ გაასაჩივრეს. სწორედ მათი სარჩელი და არგუმენტები გაითვალისწინა სასამართლომ და დაადგინა, რომ კომისიის გადაწყვეტილება, წარმოდგენილი საფუძვლებით მერაბიშვილის ციხეში დატოვების შესახებ არასწორია. 

თუმცა, კომისია სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორედაც არ აღასრულებს. 

უფრო კონკრეტულად, ყოფილი პრემიერმინისტრის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი ამბობს: 

"ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე ერთხელ გვითხრეს უარი. ჩვენ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ სასამართლოში. სასამართლომ გააუქმა უარი და თქვა, რომ ამ საფუძვლებით კომისიას ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის თქმა არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ ეს გადაწყვეტილება უგულებელყო, გამოსცა ახალი აქტი და ისევ უარი გვითხრა გათავისუფლებაზე. 

ჩვენ ეს უარიც გავასაჩივრეთ და მეორედაც მოვიგეთ. სასამართლომ ისევ თქვა, რომ წარმოდგენილი საფუძვლებით ადამიანის გათავისუფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება. 

ახლა ვართ ამ მდგომარეობაში, როცა გათავისუფლებამდე ისედაც 4 თვეა დარჩენილი, ველოდებით, ახალს რას მოიგონებენ", - თქვა ჩივიაშვილმა ტაბულასთან

მისივე თქმით, კომისიამ სასამართლოს მიერ პირველ ჯერზე მიღებული გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა და ის კანონიერ ძალაში შევიდა, თუმცა, მერაბიშვილის საპატიმროში დატოვების ახალი აქტი თვითნებურად მაინც გამოსცა. 

საფუძვლები, რომელთა გამოც კომისია მერაბიშვილს ციხეში ტოვებს, ხოლო სასამართლო მათ არადამაჯერებლად მიიჩნევს, როგორც ადვოკატი ამბობს, შემდეგია: 

"ისინი უარს ამბობენ ვანოს გათავისუფლებაზე იმიტომ, რომ ის სასჯელს იხდის რამდენიმე საქმეზე. რეალურად, ის სასჯელს იხდის ერთი საქმისთვის.

ამბობენ, რომ მისი რესოციალიზაცია არ მომხდარა - ამ დროს თავად ვანო ამბობს, რომ რესოციალიზაცია გაიარა და სრულიად საკმარისია.

კომისია ამბობს, რომ რომ ვანოს ყავს ერთ საქმეში 200-ზე მეტი დაზარალებული, ამ დროს ამ საქმეზე განაჩენი უკვე მოხდილი აქვს. მოჰყავთ არგუმენტად, რომ ის არ არის სოციალურ აქტივობებში ჩართული, კერძოდ, არ თამაშობს ასეთ თამაშს - "რა, სად, როდის". ეს საფუძვლებია უარის თქმის". 

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და შინაგან მინისტრი, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი სხვა ბრალდებებიც წარუდგინეს - 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამოუკიდებლად დამნაშვედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა. 

ის საპატიმროს 2020 წლის თებერვალში დატოვებს. 

კომენტარები