ატოცი

ციხელაშვილი ატოცზე: მუდმივი პროვოკაციები დაძაბულობის შესაქმნელად არის გათვლილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სოფელ ატოცში მიმდინარე მოვლენები დაძაბულობის შექმნისთვის არის გათვლილი. მისი თქმით, ასეთ დროს, მეტი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო.  

"მუდმივი პროვოკაციები და ასეთი ეპიზოდები გათვლილია იმაზე რომ დაძაბულობები შეიქმნას და ჩვენ კალაპოტიდან ამოვვარდეთ ამიტომ ჩვენ მუდმივად უნდა გავაკეთოთ საპირისპირო და აი ამ ფონზე ძალიან დიდი ყურადღებით ერთის მხრივ მოვახდინოთ თითოეულ ამ ეპიზოდზე რეაგირება და დეესკალაცია"- თქვა ციხელაშვილმა. 

ცნობისთვის, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს დახურულ რეჟიმში უსმენენ. უმრავლესობის წევრების თქმით, ინფორმაცია მნიშვნელოვან დეტალებს შეიცავს და ამიტომ სხდომა დაიხურა. 

ბოლო ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზთან, სამუშაოები დღეს არ განუახლებიათ.

ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 19 ოქტომბერს, საოკუპაციო ხაზის გავლების სამუშაოები განაახლეს. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, რუსმა სამხედროები 19 ოქტომბრის დილას გამოჩნდნენ. მათ უკვე არსებულ რკინის ძელებზე დასამონტაჟებლად ლითონის ბადეები მიიტანეს.

20 ოქტომბერს, დილით ხაზთან შეირაღებული პირები კვლავ გამოჩნდნენ, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ე.წ. სასაზღვრო სამუშაოები ჯერ არ დაუწყიათ.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ ხსენებული ბოძები რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით 500 მეტრიან მონაკვეთზეა დამონტაჟებული.

უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ "რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ". სუს-ის ცნობით, გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

საოკუპაციო ხაზის გავლება ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ოკუპანტებმა გასულ წელს დაიწყეს, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს პროცესი შეჩერებული იყო.

კომენტარები