ომბუდსმენმა განსხვავებული აზრის გამო დისკრიმინაცია დაადგინა - "იმედის" და სტეფნაძის საქმე

მაია სტეფნაძე

საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ტელეკომპანია "იმედიდან" მაია სტეფნაძის გათავისუფლება განსხვავებული მოსაზრებებისთვის დისკრიმინაციის გამო მოხდა.

მაია სტეფნაძე სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ის ფეისბუქზე 21 აპრილს პანკისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. გია ჯაჯანიძის პროდიუსერი ხელისუფლების ქმედებებს დამღუპველად აფასებდა და გაშუქებისთვის და "სწორი სამოქალაქო პოზიციისთვის" მადლობას უხდიდა ტელეკომპანია პირველს.

სახალხო დამცველი ესაუბრა როგორც თავად სტეფნაძეს, ისევე ტელეკომპანია "იმედის" წარმომადგენლებს. სტეფნაძის თქმით, ის 24 აპრილს ტელეკომპანიის იმჟამინდელმა დირექტორმა, გიორგი კალანდარიშვილმა კაბინეტში დაიბარა და უთხრა, რომ მისი პოსტი "იმედის" კორპორატიულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ადმინისტრაციასა ხელმძღვანელს მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების მომზადება სთხოვა.

შეხვედრას და იმას, რომ ის კალანდარიშვილის ინიციატივით შედგა, ადასტურებენ "იმედშიც". მათი პოზიციაა, რომ მაია სტეფნაძემ ამ ფეისბუქ პოსტით კორპორატიული კულტურის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი დაარღვია და ტელეკომპანია ტელეკომპანიის რეპუტაციის შელახვა გამოიწვია.

"იმედის" განმარტებით, "კორპორატიული ინტერესის დარღვევა" ფართო ცნებაა და გულისხმობს ორგანიზაციის მატერიალური/არამატერიალური ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც შესაძლოა გამოხატული იყოს სხვადასხვა ქმედებაში, მაგალითად, კომპანიაში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას ან სამუშაოზე დაგვიანებით გამოცხადება, რასაც ზიანი მოყვა.

ტელეკომპანიაში სახალხო დამცველს უთხრეს, 2014 წლიდან დღემდე, კორპორატიული ინტერესის რომელიმე ფორმის დარღვევის გამო, კონკრეტულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, არაერთი თანამშრომელი გათავისუფლდა, ზოგიერთთან შეთანხმებაც იქნა მიღწეული, ხოლო კორპორატიული ინტერესის დარღვევის იმ ფორმის გამო, რასაც მაია სტეფნაძეს ედავებიან, არც ერთი თანამშრომელი არ ყოფილა გათავისუფლებული.

ტელეკომპანია ასევე ამტკიცებს, რომ მაია სტეფნაძის განცხადება მათ რეპუტაციაზე უარყოფითად აისახა, რადგან ყურებადობის ზრდა და შენარჩუნება მაყურებლის ნდობაზეა დამოკიდებული, ხოლო ყურებადობა პირდაპირ უკავშირდება სარეკლამო მომსახურებას და მისგან შემოსულ ფინანსურ სარგებელს.

"მოპასუხე მხარის მითითებით, ის ფაქტი, რომ კომპანიის ყველასთვის ცნობადი ერთ-ერთი წარმომადგენელი საჯაროდ აცხადებს, რომ შპს "ტელეიმედის" კონკურენტი ტვ "პირველი" არის ის სანდო ტელევიზია, რომელსაც მოსახლეობამ უნდა უყუროს, პირდაპირ აისახება ტელეკომპანიის ფინანსურ მხარეზე", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველისთვის წარმოდგენილი მასალების თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება მაია სტეფნაძესა და"იმედს" შორის 2019 წლის 24 აპრილით თარიღდება და მას ხელს ორივე მხარე აწერს. სტეფნაძე ამბობს, რომ აღელვებული იყო და ვერ აცნობიერებდა, რა სახის დოკუმენტს აწერდა ხელს.

სახალხო დამცველმა საქმეზე განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაცია მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დაადგინა. ის აღნიშნავს, რომ ითვალისწინებს მედია სფეროში არსებულ კონტექსტს და ტელეკომპანიის მგრძნობელობას კრიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა ამ კონტექსტის გათვალისწინებითაც, მაია სტეფნაძის ფეისბუქ პოსტი დასაშვები კრიტიკის ფარგლებს არ გასცდენია და არ შეიცავს გამოხატვის ისეთ ფორმას, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დისციპლინური ზომის გამოყენებას გაამართლებდა.

"მოპასუხე მხარემ იხელმძღვანელა გადაჭარბებული ლოიალობის სტანდარტით, რეპუტაციის დაცვის ფართო ინტერპრეტაციითა და დამდგარი/მოსალოდნელი შედეგის ზედაპირული შეფასებით, რაც ვერ გაამართლებს მ. ს.-ს უფლებებში ინტენსიურ ჩარევას. ამდენად, განმცხადებლის მიერ გამოხატული მოსაზრების გამო მოხდა მისი შრომით უფლების შეზღუდვა, რომელიც არ იყოს მოპასუხე მხარის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერი და გამოსადეგი საშუალება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ მ. ს.-ს მიმართ შპს "ტელეიმედის" მხრიდან ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული მოსაზრების გამო", - აღნიშნულია სახალხო დამცველის დასკვნაში.

ომბუდსმენი "იმედს" შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

  • შეიმუშაოს კორპორაციული ინტერესების დაცვისა და დარღვევის საკითხთან დაკავშირებული განჭვრეტადი დებულებები, მათ შორის, განსაზღვროს კორპორატიული ინტერესის დარღვევის სავარაუდო ფაქტების შესწავლისა და რეაგირების მექანიზმი;
  • უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება ტელეკომპანიაში, შიდა სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და მომავალში საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. 

კომენტარები