იაპონია

ტაიფუნის შემდეგ, იაპონიის ახალი იმპერატორისადმი მიძღვნილი აღლუმი შეიძლება გადაიდოს

იაპონიის მთავრობამ შესაძლოა ტაიფუნ ჰაგიბის მიერ მიყენებული ზარალის გამო, საზეიმო აღლუმი, რომელიც იმპერატორ ნარუჰიტოს ეძღვნება, გადადოს.

საზეიმო ღონისძიება მომავალ კვირაშია დაგეგმილი, უფრო ზუსტად, იმპერატორ ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიალი 22 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, რომელსაც 2,500 ადამიანი დაესწრება.

იაპონიის ახალ იმპერიულ ეპოქას "რეივას ეპოქა" ერქმევა. იაპონიაში ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლით ახალი წელთაღრიცხვა იწყება, რომელსაც ქვეყანა დასავლურ კალენდართან ერთად იყენებს.

სიტყვა რეივა ორი იეროგლიფისგან შედგება და წესრიგსა და მშვიდობას ან ჰარმონიას გამოხატავს. ყოველი ახალი ეპოქის სახელი ქვეყნის შემდგომი ათწლეულების მისწრაფებას გამოხატავს.

ცნობისთვის, იაპონიაში ტაიფუნ ჰაგიბის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა.

იაპონიას ტაიფუნი შაბათს დაატყდა თავს. ქვეყნის ხელისუფლებამ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. NHK-ის ინფორმაციით, ევაკუაციისას ადამიანების ნაწილი თავშესაფრისკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა. 

ტაიფუნის შედეგად, 7 მილიონი მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო, თუმცა, თავშესაფრებს 50 000 ადამიანმა შეაფარა თავი.

იაპონიაში 1958 წლის შემდეგ ეს, შესაძლოა, ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იყოს. ტოკიოს ტერიტორიასა და შიცოუკას პრეფექტურაში 1958 წელს ტაიფუნს "კანოგავა" 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები