თბილისის მერია: ლითონის დაშლილი საფეხმავლო ხიდების აღდგენა არ იგეგმება

თბილისის მერია აცხადებს, რომ ლითონის დაშლილი საფეხმავლო ხიდების აღდგენას არ გეგმავს. 

როგორც მერიაში ტაბულას უთხრეს, ხელშეკრულებით კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია დემონტაჟი ისე ჩაუტარდეს ხიდებს რომ შესაძლებელი იყოს მისი თავიდან აწყობა. 

მათი ინფორმაციით, სულ დაგეგმილია 19 ხიდის დემონტაჟი, ამ დროისთვის კი დაშლილი და დასაწყობებულია 9 ხიდი. მათივე თქმით, 2019 წელს დასრულდება დარჩენილი 10 ხიდის დემონტაჟი.

"დაშლილი ხიდები დასაწყობებულია თბილისის მერიის საწყობში. მომავალში, საჭიროების დადგომის შემთხვევაში, თბილისის ქუჩებში მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე ტიპის გადასასვლელი ხიდები გაკეთდება"- აცხადებენ მერიაში. 

თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი აპრილში დაიწყო. სადემონტაჟო სამუშაოებს, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 307 805 ლარი დაიხარჯება, კომპანია "მეტეხი 2008" ახორციელებს. 

კომენტარები