ცოცხლად დამარხული ბავშვი

წყვილმა შვილის დაკრძალვისას ცოცხლად დამარხული ახალშობილი აღმოაჩინა

ახალშობილი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
washingtonpost.com

ინდოეთში, წყვილმა შვილისთვის საფლავის გათხრის პროცესში ცოცხლად დამარხული ახალშობილი აღმოაჩინა.

ისინი შვილისთვის, რომელიც დაბადებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა, საფლავს თხრიდნენ და ნიჩაბი შემთხვევით მყარ რაღაცას მოარტყეს. ის თიხისგან გაკეთებული ყუთი აღმოჩნდა, რომლიდანაც ახალშობილის ტირილი ისმოდა. ამის შემდეგ წყვილმა აღმოაჩინა, რომ ყუთში ცოცხალი ახალშობილი იყო.

პოლიციის ინფორმაციით, ცოცხლად დამარხული ახალშობილი გოგო პოვნის მომენტში 2 ან 3 დღის იყო. ბავშვი ახლა საავადმყოფოში იმყოფება - მას სუნთქვის პრობლემები აქვს, ასევე განვითარებული აქვს ინფექცია და იმაზე ნაკლები წონის არის, ვიდრე უნდა იყოს.

"ჩვენ ბავშვის მშობლებს ვეძებთ და არ არის გამორიცხული, რომ ისინი ამ საქმეში ჩართულები იყვნენ. მსგავსი რაღაცის განხორციელება მათი ჩართულობის გარეშე საკმაოდ ძნელია. ჩვენ გადავდგამთ მკაცრ ნაბიჯებს დამნაშავეების წინააღმდეგ", - თქვა პოლიციის წარმომადგენელმა.

ახალშობილი უკვე 5 დღე არის რაც აღმოაჩინეს, თუმცა მისი მშობლები ჯერ არ გამოჩენილან.

კომენტარები