აშშ - რუსეთი

РИА: აშშ-ის თხოვნით, მინსკში რუსეთის მოქალაქე აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო დააკავეს

meta.mk/ reddit

რუსული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის თხოვნით, მინსკში ამერიკის არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთის მოქალაქე ანა ბოგაჩევა დააკავეს. ბოგაჩევა 2018 წელს "ინტერნეტის კვლევის სააგენტოში" ე.წ. ტროლების ქარხანაში მუშაობის გამო ამერიკის სანქციების სიაში შეიყვანეს.

წყაროს ინფორმაციით, ბოგაჩევა 13 ოქტომბრის საღამოს მინსკის ერთ-ერთ სასტუმროში დააპატიმეს, სადაც ის ქმართან და შვილთან ერთად აპირებდა დასვენებას. დაკავების შემდეგ, ბოგაჩევა ბელორუსში რუსეთის საკონსულოს დაუკავშირდა.

"ინტერნეტის კვლევის სააგენტო" (IRA) ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან ასოცირდება, რომელსაც "პუტინის მზარეულს" უწოდებენ. 2018 წლის თებერვალში, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა სამი ორგანიზაცია და 13 რუსი, მათ შორის ბოგაჩევა, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულეს და მათ სანქციები დაუწესეს.

სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის ანგარიშის თანახმად, IRA-მ ამერიკელი აუდიტორიის მოსაზიდად სხვადასხვა სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშების, ჯგუფების და ყალბი სიახლეების შექმნა 2014 წელს დაიწყო. "რუს კონსპირატორებს სურთ, რომ აშშ-ის საზოგადოებაში უთანხმოება გამოიწვიონ და ძირი გამოუთხარონ დემოკრატიაში არსებულ საჯარო ნდობას. ჩვენ მათ ამის გაკეთების საშუალება არ უნდა მივცეთ,"- განაცხადა აშშ-ის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, როდ როუზენშტაინმა სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებულ "ინტერნეტის კვლევის სააგენტოზე". 

აშშ მიიჩნევს, რომ ბოგაჩევა 2014 წელს ამ ორგანიზაციაში მუშაობდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციითბოგაჩევა ნაციონალისტური ორგანიზაციების წევრი იყო და მხარს უჭერდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის რუსეთის ნაციონალისტების საბრძოლო ორგანიზაციის (БОРН) ლიდერს ილია გორიაჩევს, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ჯგუფის წევრებს ბრალი მკვლელობებისა და მკვლელობების მცდელობის გამო წაუყენეს. 

ბოგაჩევას დაკავება ოფიციალურად, ჯერჯერობით, არავის დაუდასტურებია.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა საბჭომ საბრალდებო ოქმი შეადგინა, რომელიც ცნობილ რუსულ ტროლების დაჯგუფებას IRA-ს ეხება. 13 პირს ბრალად 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კრიმინალური გზებით ჩარევა ედება.

უწყების მიერ გამოქვეყნებულ საბრალდებო ოქმში წერია, რომ რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული "ინტერნეტის კვლევის სააგენტო" წარმოადგენდა დაჯგუფებას, რომელსაც გააჩნდა ამბიციური მიზანი, ეწარმოებინათ იმგვარი პროპაგანდა, რაც აშშ-ის ამომრჩეველს უბიძგებდა, ხმა მიეცათ იმ დროისათვის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპისთვის

კომენტარები