სირია

სირიაში სპეცოპერაციის გამო აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა

სირიაში შექმნილი მდგომარეობის გამო, აშშ-მა თურქეთის თავდაცვის და ენერგეტიკის სამინისტროს სანქციები დაუწესა. დონალდ ტრამპის მიერ, ხელმოწერილი ბრძანება დამატებითი სანქციების შემოღების საშუალებასაც იძლევა.

სანქციების ქვეშ მოყვა თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები, ასევე გენშტაბის უფროსი ჰულუსი აკარი და თურქეთის მმართველი პარტიის მეორე პირი, სულეიმან სოილუ. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, სანქციების მიზანია შეწყდეს სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია და განახლდეს დიალოგის რეჟიმი. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პომპეო ანკარას ახალი და უფრო მკაცრი სანქციებით დაემუქრა.

სანქციებამდე ცოტა ხნით ადრე, დონალდ ტრამპმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ ამერიკა წყვეტს სავაჭრო მოლაპარაკებებს თურქეთთან. შედეგად თურქეთიდან იმპორტირებული ფოლადი კვლავ 50%-იანი ტარიფით დაიბეგრება. 

ქურთული დაჯგუფებების განდევნის ოპერაცია თურქეთმა გასულ კვირაში დაიწყო. ბოლო დრომდე ისლამურ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ქურთები აშშ-ის ყველაზე სანდო მოკავშირედ მიიჩნეოდა. ამის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა რეგიონიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. 

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ქურთებს არ დაეხმარებოდა, თუმცა ანკარის მხრიდან არასასურველი ქმედებების შემთხვევაში თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებდა. კვირას ქურთებმა დახმარების თხოვნით ოფიციალურ დამასკოს მიმართეს. სირიის სამთავრობო ჯარები სპეცოპერაციის ზონაში გამოჩნდნენ. 

რეჯეფ თაიპ ერდოღანის განცხადებით, ოპერაციის მიზანი ბუფერული ზონის შექმნაა. თურქეთი რეგიონიდან ქურთი აჯანყებულების განდევნას ცდილობს. თურქეთი მიიჩნევს, რომ აჯანყებულები კავშირში არიან თურქეთში მოქმედ ქურთ მუშათა პარტიასთან, რომელსაც ანკარა ხშირად ტერორისტულ ორგანიზაციად მოიხსენიებს. 

სწორედ სპეცოპერაციის ზონაში იგეგმება, 2 მილიონი სირიელი დევნილის განთავსება. 

კომენტარები