ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი

მამუკა ხაზარაძის თქმით ანაკლიის პროექტისთვის საჭირო თანხები უკვე მოზიდულია

youtube.com EY Global

საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, ანაკლიის პროექტის პირველი ეტაპის დასრულებას გამოეხმაურა.

ანაკლიის კონსორციუმს წინასწარი შეთანხმებების წარსადგენად ბოლო ვადა ხვალ დღის ექვს საათამდე აქვს. ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო ახალ ინვესტორებთან დაკავშირებით. თეორიულად სახელმწიფოს კონსორციუმთან ხელშეკრულებას შეწყვეტაც შეუძლია. 

მანამდე, მამუკა ხაზარაძის თქმით, კონსორციუმმა სახელმწიფოს უკვე წარუდგინა ორი პოტენციური ინვესტორი და გადაწყვეტილება ახლა მათზეა. 

"კომპანიას წარდგენილი ყავს ორი კვალიფიციური საკმაოდ დიდი და სტრატეგიული ინვესტორი, რომლებიც მზად არიან პროექტში მონაწილეობისთვის, ჩვენ ველოდებით რეაგირებას და პასუხს სახელმწიფოსგან", - თქვა ხაზარაძემ. 

ხაზარაძეს იმედოვნებს, რომ მისი და გახარიას პერსონალური ურთიერთობები პროექტზე არ აისახება, თუმცა, გამოთქვამს სკეპსისსაც.

"როცა საკითხი ეხება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტს, ეხება ჩვენს მომავალს აქ პიროვნული საკითხი უნდა გადავიდეს მეორე პლანზე. რაც შეეხება ჩემი და გახარიას ურთიერთობას, ეს ურთიერთობა არსებობს ისე როგორც არსებობს. ამასთანავე, არსებობს სახელმწიფო ინტერესები და ჩვენ დაველოდებით როგორ სახელმწიფოებრივად იაზროვნებენ და იმოქმედებენ. გახარიას იმედი მე არა მაქვს და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ გახარიას იმედზე იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი", - თქვა ხაზარაძემ.

ხაზარაძეს მთავრობამ უპასუხა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, დავით ჯავახაძე ამბობს, რომ კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა ხვალ ექვს საათამდე აქვს. 

"თუ ინვესტორი საკუთარ ვალდებულებებს ვერ ასრულებს სახელმწფიოს შეუძლია გახანძლივება, რაც აქამდე არაერთხელ მომხდარა. ასევე თეორიული ალტერნატივაა ხელშეკრულების შეწყვეტაც, თუმცა, ეს ყველაფერი წარმოადგენს დამატებით გადაწყვეტილებას და ამაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერმინისტრი", - თქვა ჯავახაძემ. 

ხვალ, 15 ოქტომბერს იწურება სახელმწიფოს მხრიდან კონსორციუმისთვის დაწესებული ვადა. სამუშაო დღის ბოლომდე კონსორციუმმა უნდა წარადგინოს წინასწარი შეთანხმებები ინვესტორებთან პროექტის დაფინანსების შესახებ, ასევე, კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი კაპიტალის სრულად შევსებაზე.

უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა ახალ ინვესტორებთან დაკავშირებით. ვინაიდან პროექტი სახელმწიფოს ჩართულობასაც ითვალისწინებს, სწორედ, მთავრობა იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პროექტის ინვესტორებისა და სხვა პირობების შესახებ.

ცნობისთვის, კონსორციუმისთვის მიცემული ვადა რამდენიმეჯერ გახანგრძილვდა, მათ შორის ბოლოს ესეთი გადაწყვეტილება მთავრობამ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადების შემდეგ მიიღო. მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, პომპეომ გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს ბოლო მიიყვანდა პორტის მშენებლობას.

ამ დროისთვის ანაკლიის კონსორციუმმა წარადგინა ორი პოტენციური ინვესტორი, ყაზახური Meridian Capital Limited-ი და ჰოლანდიური Van Ord-ი. ახალი ინვესტორის მოძიების საჭიროება მას შემდეგ შეიქმნა, რაც კონსორციუმის შემადგენლობიდან ამერიკული კონტი ჯგუფი გავიდა. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონტი ჯგუფის ჩამნაცვლებლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ჰოლანდიურ Van Ord-თან დაკავშირებით სამინისტრომ გადაწყვეტილება 21 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს, ხოლო Meridian-თან დაკავშირებით 28 ოქტომბრამდე.

კომენტარები