ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი

ანაკლიის კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო

ბია

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბირტრაჟში დავა დაიწყო, - თქვეს ამის შესახებ კონსორციუმის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე. 

როგორც კონორციუმის წარმომადგენლები ამბობენ, არბიტრაჟში სულ ორი სარჩელია შესული. მათ შორის ერთი უშუალოდ ანაკლიის კონსორციუმმა შეიტანა, მეორე კი ბობ მეიერსმა, რომელიც კონსორციუმის ერთ-ერთი უმსხვილესი წილის მფლობელი იყო. 

არბიტრაჟში შეტანილ სარჩელებში კონსორციუმი საქართველოს სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღუარებას მოითხოვს. 

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტოს სახით ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საარბიტრაჟო დავისთვის დაიქირავა კომპანია White&Case LLP. 

სააგენტოსა და იურიდიულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 319 ათასი დოლარია, ხოლო ხანგრძლივობა - სამი თვე. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ სააგენტოს უნდა გაუწიოს კონსულტაცია და იურიდიული მომსახურება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ჩაშლილი ხელშეკრულების საკითხთან დაკავშირებით. 

სააგენტოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელს აწერს სააგენტოს დირექტორი დავით ჯავახაძე. ხელშეკრულება კი 3 მარტს არის გაფორმებული. როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, კომპანიის თვიური ანაზღაურება გადასახადებისა და ჰონორარების გარეშე, სამუშაო საათების მიუხედავად, 110 ათასი დოლარია. 

საქართველოს მთავრობამ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა. 

მალევე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო არბიტრაჟში გაასაჩივრებდა. როგორც კონსორციუმის დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, არბიტრაჟში საქმის წარმოება მარტში უნდა დაწყებულიყო. 

კომენტარები